გულიაშვილმა კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა - ვილიარეალთან თამაში საეჭვოა
გიორგი გულიაშვილის „რასინგი“ ლა ლიგის ახალი სეზონისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე გადავიდა, მაგრამ სამწუხაროდ, ქართველი შემტევი გუნდთან ერთად ვარჯიშს ამ დრომდე ვერ ახერხებს.
სანტანდერის გუნდმა გუშინ საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ვარჯიში ჩაატარა, თუმცა გულიაშვილმა კვლავ განმარტოებით, საწვრთნელი ბაზის სათადარიგო მოედანზე, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა. ჯერჯერობით, ისევ უცნობია როდის შეძლებს ქართველი ფეხბურთელი მოედანზე ბურთით ვარჯიშს. როგორც ესპანურ მედიაში იწერება, 23 წლის შემტევი ლა ლიგის პირველი ტურის მატჩს, რომელიც „რასინგმა“ გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალთან“ უნდა გამართოს, გამოტოვებს.
„ქართველმა ნანდო იოსუს ბაზის მეორე მოედანზე რეაბილიტოლოგ უგო კამარეროსთან ერთად სპეციფიკური ვარჯიში შეასრულა. გულიაშვილი აგრძელებს მარჯვენა მცირე წვივის ძვლის მოტეხილობისგან გამოჯანმრთელებას, რომელიც გასული სეზონის ბოლოს „ვალიადოლიდთან“ დაპირისპირებისას მიიღო და რის გამოც 27 მაისს ოპერაცია ჩაუტარდა“, - ნათქვამია „რასინგთან“ დაახლოებული futbolfantasy.com-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ „რასინგი“ ლა ლიგის პირველი ტურის შეხვედრას „ვილიარეალის“ წინააღმდეგ 16 აგვისტოს, საქართველოს დროით 19:00 საათზე გამართავს.