ბარსელონა, ატლეტიკო, ხულიან ალვარესი, დიეგო სიმეონე
Aa
Aa

“წასვლა მინდა“ - ალვარესმა და სიმეონემ პირადად ისაუბრეს

„ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ოთხშაბათს ხულიან ალვარესთან დაახლოებით 10-წუთიანი საუბარი გამართა. ეს მათი პირველი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც არგენტინელმა თავდამსხმელმა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას კლუბის დატოვების სურვილი საჯაროდ დააფიქსირა.

ESPN-ის ინფორმაციით, საუბარი მადრიდის „ატლეტიკოს“ სპორტულ ბაზა „სერო დელ ესპინოს“ ერთ-ერთ ოთახში შედგა. წყაროების ცნობით, ალვარესმა სიმეონეს პირადად კიდევ ერთხელ უთხრა, რომ კლუბიდან წასვლა სურს.

„ატლეტიკომ“ ბოლო კვირებში არგენტინელის სანაცვლოდ დაახლოებით 100-მილიონიანი შეთავაზება „ბარსელონასგან“ უარყო. მანამდე მადრიდულმა კლუბმა ასევე უარი თქვა „რეალის“ მხრიდან შეთავაზებულ 150 მილიონ ევროზე.

„ბარსელონაში“ აცხადებენ, რომ ალვარესი კვლავ ჰანსი ფლიკის მთავარი სამიზნეა. კატალონიური კლუბი სწორედ სიმეონესა და ფეხბურთელის შეხვედრას ელოდა, სანამ მოლაპარაკებებში ახალ ნაბიჯს გადადგამდა.

ESPN-ის წყაროს ცნობით, ალვარესს სურდა, საკუთარი პოზიცია „ატლეტიკოს“ მწვრთნელისთვის პირადად აეხსნა. ამასთან, ფეხბურთელი შეშფოთებულია მის გარშემო შექმნილი მედია აჟიოტაჟით. სიმეონემ არგენტინელს მოუსმინა და პირდაპირ უთხრა, რომ მოედანზე მის დახმარებას გააგრძელებს, რადგან მას გუნდის პროექტისთვის უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად მიიჩნევს. დანარჩენი საკითხები კი უკვე კლუბის ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელს შორის უნდა გადაწყდეს.

სიმეონეს მსგავსი პოზიცია მანამდეც ჰქონდა საჯაროდ დაფიქსირებული. მან სეზონისწინა მატჩამდე განაცხადა, რომ ალვარესს მოედანზე დაეხმარებოდა, რათა არგენტინელს განვითარება, პროგრესი და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა გაეგრძელებინა.

წყაროს ცნობით, ალვარესმა სიმეონეს პოზიცია გაიგო და ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მიუხედავად ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობებისა, მათ შორის ურთიერთობა ძალიან კარგია. განსხვავებული მოსაზრებები მხოლოდ ტაქტიკურ საკითხებს ეხება და ჩვეულებრივ სპორტულ უთანხმოებად მიიჩნევა.

ალვარესის გარემოცვა სიმეონეს დამოკიდებულებას განსაკუთრებით აფასებს. მათი აზრით, მწვრთნელი სეზონის განმავლობაში, განსაკუთრებით ოქტომბრიდან მოყოლებული, არგენტინელს მუდმივად უჭერდა მხარს, მათ შორის იმ რთულ პერიოდშიც, როდესაც ფეხბურთელს ლა ლიგაში ზედიზედ 14 მატჩის განმავლობაში, ანუ 119 დღის მანძილზე, გოლი არ გაუტანია.

შეხვედრა ხელის ჩამორთმევითა და პროფესიონალიზმის შენარჩუნების ორმხრივი შეთანხმებით დასრულდა. სიმეონემ ალვარესს უთხრა, რომ თუ ის კლუბში დარჩება, კვლავ ისე მოექცევა, როგორც აქამდე — როგორც გუნდის ერთ-ერთ მთავარ ფეხბურთელს. მწვრთნელმა ასევე აღნიშნა, რომ მოედნის მიღმა არსებული საკითხები ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობასთან უნდა განიხილოს.

ამის შემდეგ ორივე ვარჯიშზე გაემართა და ინციდენტის გარეშე ივარჯიშა.

„ატლეტიკომ“ შეხვედრა დადებითად შეაფასა და ESPN-თან საუბრისას მას „ნორმალური“ უწოდა არსებული ვითარების ფონზე.

ამავდროულად, ალვარესის გარემოცვაში კვლავ იმედოვნებენ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე „ატლეტიკოს“ პოზიცია შეიცვლება. თუმცა მადრიდული კლუბის წყაროები კვლავ დაჟინებით აცხადებენ, რომ კორდობელი ფეხბურთელი „ბარსელონაში“ არ გაიყიდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-ის ფანების პროტესტი იგეგმება - მიზეზი ცნობილია
პსჟ-ის ფანების პროტესტი იგეგმება - მიზეზი ცნობილია