ფლიკის ახალი ვარიანტი - ლაუტარო ალვარესის ნაცვლად
„ბარსელონა“ ხულიან ალვარესის შეძენით ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ინტერესდებოდა, თუმცა ამ ტრანსფერის თაობაზე „ატლეტიკოსთან“ საერთო ენა ვერაფრით გამონახა, რის გამოც როხიბლანკოს არგენტინელი ფორვარდის კატალონიურ გრანდში გადასვლის შანსები სულ უფრო მცირდება.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ცნობილი გამოცემა Eldesmarqes-ის ცნობით, სავსებით შესაძლებელია უახლოეს პერიოდში „ბლაუგრანაში“ არგენტინის ნაკრების ფორვარდი მაინც ვიხილოთ, ოღონდ არა ხულიან ალვარესი, არამედ ლაუტარო მარტინესი. ძნელი სათქმელია, რატომ აქვთ კატალონიელებს ამ ტრანსფერის განხორციელების იმედი, რადგან მარტინესი „ინტერისთვის“ იმაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვიდრე ალვარესი „ატლეტიკოსთვის“. თუმცა, ფაქტია, რომ კატალონიელთა სპორტული დირექტორი დეკუ სოუზა უახლოეს მომავალში მილანში გამგზავრებასა და მოლაპარაკებების წამოწყებას გეგმავს.
პროცესის დაჩქარება ყველაზე მეტად ჰანსი ფლიკის სურს, რადგან ის ისედაც უკმაყოფილოა, რომ წინასასეზონო მზადებას კლუბი პრაქტიკულად ფორვარდის გარეშე გადის და რაც უფრო მალე მოუნახავენ რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს, მით უფრო კარგად მოამზადებს გუნდს ახალი სეზონისთვის. ლაუტაროს სატრანსფერო ღირებულების შესახებ ჯერჯერობით კონკრეტული ინფორმაცია არ გავრცელებულა