ჯოელ ემბიდი, სანდრო მამუკელაშვილი, დევინ ვესელი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

ჯოელ ემბიდის ისტორიული საღამო | მამუკელაშვილის გუნდს 70 ქულა ჩაუგდო

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ NBA-ის მიმდინარე რეგულარულ სეზონში 35-ე თამაში წააგო. ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „ფილადელფია სევენთი სიქსერსს“ დაუპირისპირდა და 123:133 დამარცხდა.

„სევენთი სიქსერსის“ გამარჯვება ჯოელ ემბიდის დამსახურებაა, რომელმაც ისტორიული შეხვედრა ჩაატარა და ქულების მხრივ, კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ემბიდმა პარკეტზე 36 წუთი და 38 წამი გაატარა და 70 ქულა, 18 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა გაიფორმა. 29 წლის ცენტრმა 41-დან 24 ბურთი და 23-დან 21 საჯარიმო სროლა გამოიყენა. ჯოელმა ლეგენდარული უილტ ჩემბერლენის რეკორდი დაამხო და „ფილადელფიას“ მაისურით, ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო.

ემბიდი NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელია, რომელმაც მატჩი მინიმუმ 70 ქულით, 15 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ბოლო 40 წლის განმავლობაში, ერთ შეხვედრაში მინიმუმ 65 ქულა, 15 მოხსნა და 5 ასისტი მხოლოდ ჯოელსა და მაიკლ ჯორდანს ჰქონიათ. ამასთან, ემბიდი მესამე ცენტრია, რომელმაც ერთ მატჩში 65+ ქულა ჩააგდო. მან უილტ ჩემბერლენისა და დევიდ რობინსონის მიღწევა გაიმეორა.

ემბიდის გარდა, „ფილადელფიას“ რიგებში 10-ქულიანი ნიშნული მხოლოდ ტაირიზ მაქსიმ (18 ქულა) და ტობაიას ჰერისმა (14 ქულა) გადალახეს. „სან ანტონიოს“ რაც შეეხება, გრეგ პოპოვიჩის გუნდს 33 ქულით ვიქტორ ვემბანიამამ ულიდერა. დევინ ვესელს 22 ქულა ჰქონდა. ჯერემი სოხანმა და დაგ მაკდერმოტმა 14 და 13 ქულა დააგროვეს, მამუკელაშვილს კი სათამაშო დრო არ მიუღია და მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

ცნობისთვის, „მამუს“ გუნდს 8 მოგება და 35 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო გახლავთ. „სან ანტონიო“ მომდევნო შეხვედრას 25 იანვარს გამართავს და „ოკლაჰომა სითი თანდერს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაჯილდოებას არ დაესწრო - მაცარის პროტესტი და ხვიჩას რეაქცია მედლის ჩაბარების დროს
დაჯილდოებას არ დაესწრო - მაცარის პროტესტი და ხვიჩას რეაქცია მედლის ჩაბარების დროს