3 ცენტრალური მცველით და 2 ნახევარმცველით - მაცარი ახალ სქემას გამოცდის
„ნაპოლი“ ამჟამად რთულ დროებას განიცდის. ვალტერ მაცარის გუნდი ბოლო 4 მატჩია გოლი არ გაუტანია, საპასუხოდ კი 9 გაუშვეს, 1 ფრე და 3 მარცხი.
კლუბში გამოსავალს ეძებენ, ანონსდება ტრანსფერებიც, თუმცა მთავარი მწვრთნელი ვითარების გამოსწორებას უკვე გეგმავს და საამისოდ სათამაშო სქემის ცვლილება არის მოსალოდნელი.
Corriere dello Sport-ი წერს, რომ მაცარი 3-4-3-ის ან 3-4-2-1 სქემის გამოყენებას გეგმავს. მას პრეზიდენტ დე ლაურენტისისგან თანხმობა უკვე აქვს და შეუძლია 4-3-3-ზე უარი თქვას.
„ტორინოსთან“ შეხვედრაში მეორე ტაიმში მაცარიმ სქემის შეცვლა სცადა და მოედანზე ახალწვეული მაძოკი შეუშვა, გუნდი 3-მცველიან წყობაზე გადავიდა, თუმცა ამის ხილვა ვერ შევძელით, რადგან მაძოკიმ მალევე წითელი ბარათი მიიღო და გუნდი 10 კაცით დარჩა, რის შემდეგაც მაცარის ტაქტიკური სიახლე ვეღარ ვნახეთ.
უახლოეს მატჩებში ამ ტაქტიკურ სიახლეს დიდი ალბათობით ვნახავთ და შესაძლოა ეს შაბათს „სალერნიტანასთანაც“ მოხდეს. ნეაპოლელთა შემადგენლობა სავარაუდოდ ასეთი იქნება: კარში მერეტის ტრავმის გამო გოლინი იქნება. 3 ცენტრალური მცველი: რაჰმანი, ოსტიგორი, ჟესუსი. ნახევარდაცვაში აუცილებლად იქნება ლობოტკა, მას კაიუსტე ან ზიელინსკი შეუწყვილდება. შეტევაში კვარაცხელიასა და პოლიტანოს სრული თავისუფლება ექნებათ, ცხრა ნომერზე კი რასპადორის სიმეონე შეცვლის.
რაც შეეხება კვარაცხელიას როლს, ხვიჩას ამ სქემაში თამაში არ გაუჭირდება, რადგან საქართველოს ნაკრები უკვე 2 წელია მსგავსი სისტემით თამაშობს.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ აფრიკის თასიდან გამომდინარე ვიქტორ ოსიმენი და ზამბო ანგისა არ ეყოლება.
„ნაპოლისა“ სერია A-ს ბოლო ადგილოსნის „სალერნიტანას“ მატჩი შაბათს, 18:00-ზე დაიწყება.