გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

სირთულეები, პროგრესი და თავდაჯერებულობა | Goal-ის სტატია კვერნაძეზე

ავტორიტეტულმა გამოცემამ, Goal-მა, გიორგი კვერნაძეს საინტერესო სტატია მიუძღვნა. „გიორგი კვერნაძე ფროზინონესთან ერთად სერია A-ში დაბრუნებას უმიზნებს: კვარაცხელიას მემკვიდრე გამოჩნდა“ — ეს არის სტატიის სათაური და მისი ავტორი მკითხველს ქართველ ფეხბურთელს აცნობს.

„ფეხბურთში შედარებები ჩვეულებრივი მოვლენაა და, ცხადია, ისინი არასდროს არის კომფორტული მათთვის, ვისზეც შედარებებს აკეთებენ. განსაკუთრებით, როდესაც საუბარი ძალიან მკაცრ შედარებას ეხება და სტანდარტი უკიდურესად მაღალია. ჰკითხეთ გიორგი კვერნაძეს. ქართველ ფეხბურთელს, რომელიც 2023 წლის ზაფხულში იტალიაში ჩავიდა და ფროზინონეს რიგებში ასპარეზობს.

შედარება, რომელიც გაკეთდა, ძალიან მარტივი იყო — ისევ და ისევ ხვიჩა კვარაცხელია: გვარების აშკარა მსგავსების, საერთო ეროვნებისა და იდენტური პოზიციის გამო. და იმიტომაც, რომ მათი დაკავშირება ზედმეტად მარტივი ჩანდა — გიორგი კვარაცხელიას თავის საფეხბურთო კერპად ასახელებდა, თუმცა საწყის პერიოდში ეს არ დასტურდებოდა.

ვინ არის გიორგი კვერნაძე

კვერნაძე საქართველოში, კერძოდ, სამტრედიაში, 2003 წლის 7 თებერვალს დაიბადა. მისი საფეხბურთო კარიერა საბურთალოში (იბერია 1999) დაიწყო, რომელიც Crystalbet Erovnuli Liga-ში, საქართველოს უმაღლეს დივიზიონში, ასპარეზობს.

ბავშვობიდანვე იგი მოქნილობითა და სიძლიერით გამოირჩეოდა. რაღაც მხრივ მძიმე ფორვარდის პოზიციაზე მოთამაშე კალათბურთელს ჰგავს, რომელიც, მიუხედავად 188 სანტიმეტრი სიმაღლისა, სწრაფი და ტექნიკურია. კვერნაძე იდეალური თანამედროვე გარემარბია. მან საქართველოს ახალგაზრდული სკოლა გაიარა, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდ პროგრესს მიაღწია.

როგორც კვარა: დინამო ბათუმიდან სერია A-მდე

კვერნაძის თვისებები სამშობლოში მალევე შეამჩნიეს და მთავარ გუნდში ჩატარებული სადებიუტო მატჩიდან მალევე კლუბი შეიცვალა. ჯერ კოლხეთი 1913-ში გადავიდა, შემდეგ კი დინამო ბათუმში გაანათხოვრეს, რომლის რიგებშიც ხვიჩა კვარაცხელია ასპარეზობდა. კვერნაძე ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრში მოექცა და გვიდო ანგელოციმ ყველას აჯობა — ადამიანმა, რომელმაც ნიჭის ამოცნობა ძალიან კარგად იცის. სერია A-ში ახლად დაწინაურებულმა ფროზინონემ მის იტალიაში გადასაყვანად ორი მილიონი ევრო გადაიხადა.

საწყისი სირთულეები

იტალიაში მის ჩასვლას დიდი შედარებები და მასზე გაცემული მაღალი ავანსები ახლდა. მაშინ ის მხოლოდ 20 წლის იყო და სერია A-ში გამართულ სადებიუტო სეზონში ძალიან გაუჭირდა. სათამაშო დრო იშვიათად ეძლეოდა და მატჩებზე გავლენას თითქმის ვერ ახდენდა. სეზონის ბოლოს ფროზინონე სერია B-ში გავარდა, ხოლო კვერნაძეს ჯამში სულ მხოლოდ 190 წუთი ჰქონდა ნათამაშები.

პროგრესი და ეროვნული ნაკრები

მიუხედავად წარუმატებელი სეზონისა, ფროზინონემ მას ნდობა გამოუცხადა და მისი შენარჩუნება გადაწყვიტა, თუმცა, შესაძლოა, ეს იმიტომაც მოხდა, რომ არ გამოჩნდა კლუბი, რომელიც ფროზინონეს მიერ გადახდილ თანხას გადაიხდიდა. არის მეორე ვარიანტიც — რომ გიორგის სურდა, საკუთარი შესაძლებლობები დაემტკიცებინა. მან შრომა დაიწყო და გააუმჯობესა ის ასპექტები, რომლებშიც პრობლემები ჰქონდა. 2024 წლის 26 დეკემბერს მან ფროზინონეს რიგებში პირველი გოლი გაიტანა. გოლთან ერთად, საგოლე გადაცემაც ჰქონდა სალერნიტანასთან, რომელიც დასარჩენად ბრძოლაში ფროზინონეს ერთ-ერთი კონკურენტი იყო.

ამ დღიდან მისი აღმასვლა დაიწყო და მიმდინარე სეზონში კვერნაძე სერია B-ში დომინირებს. მან საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ჩაატარა სადებიუტო შეხვედრა.

სერია B-ს მოდრიფტავე მანქანა

2025/26 წლების სეზონის პირველ ნახევარში იგი მასიმილიანო ალვინის გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო — მწვრთნელის, რომელმაც სწრაფად გაიგო, როგორ გამოეყენებინა მისი ნიჭი. ფროზინონეს მხოლოდ ორი წაგება აქვს — ვენეციასთან, როცა კვერნაძე არ თამაშობდა, და მონცასთან, ჩემპიონატის უძლიერეს გუნდთან. ეს შედეგი კარგად აღწერს, რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გიორგი. ის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და ნოემბრის შემდეგ სამი გოლი და ორი ასისტი აქვს. ჯალობლუ სერია B-ს ლიდერია და უმაღლეს დივიზიონში დაბრუნება სურს — ამ კვერნაძით ეს ოცნება რეალურია.

რა შეიცვალა

მარტივად რომ ვთქვათ, კვერნაძემ თავდაჯერებულობა შეიძინა — ის, რაც პირველ წელს აკლდა და 2024/25 წლების სეზონში მხოლოდ ნაწილობრივ ჰქონდა. ქართველმა ფეხბურთელმა ახლა უკვე იცის, სწორი გადაწყვეტილებები როგორ მიიღოს. ამის კარგი მაგალითი რეჯანასთან მატჩია, რომელშიც მან გამარჯვების გოლი გაიტანა. მან მეტოქის კარისკენ ექვსჯერ დაარტყა, რაც ფროზინონეს დარტყმების ნახევარი გახლდათ. გიორგი ახლა რისკავს, ცდილობს თამაშზე გავლენა მოახდინოს და აჩვენებს იმ ფეხბურთს, რომელსაც მისგან მაშინ ელოდნენ, როდესაც გაიფორმეს.

ნაპოლიც ფიქრობდა მასზე და ახლა…

ფაქტია, რომ ფროზინონესთან შეთანხმებამდე მისით ნაპოლიც ინტერესდებოდა: იტალიურ კლუბს, კვარაცხელიათი მოხიბლულს, გარიგების დახურვა სურდა და კონტაქტი ჰქონდა „დინამო ბათუმთან“, საიდანაც პსჟ-ის შვიდიანი გადაიყვანეს. მემკვიდრეობა თითქოს ბუნებრივად ეწყობოდა, თუმცა მაშინ ანგელოცი და ფროზინონე უფრო მოხერხებული, დამაჯერებელი და სწრაფები აღმოჩნდნენ. ახლა კი კვერნაძით უკვე სერია A-ს რამდენიმე კლუბი ინტერესდება და ზაფხულში წასვლის იდეაც კი განიხილებოდა. თუმცა სატრანსფერო ფანჯრის ამ ეტაპზე ფროზინონე მას ხელშეუხებლად მიიჩნევს: ჯალობლუს მიზანი გიორგის ლიდერობით დაწინაურებისთვის ბრძოლაა. მერე კი — ვნახოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაქსი და ვოლკი ხალხს ანადგურებდნენ, შემდეგ ილია მოვიდა“ | უიტეკერი თოფურიას აქებს
„მაქსი და ვოლკი ხალხს ანადგურებდნენ, შემდეგ ილია მოვიდა“ | უიტეკერი თოფურიას აქებს