„სრული სისულელეა, ეს რა მოიგონეს“ - კარაგერი რიჩარდსს ლიგის ფორმატზე ეკამათა
ჩემპიონთა ლიგის ყოველი ტურის მიმდინარეობისას, CBS Sports-ის ეთერში წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელების კამათი ყოველთვის საინტერესო და სახალისო მოსასმენია, რადგან „ლივერპულის“, „მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალის“ ყოფილი ვარსკვლავები, ჯეიმი კარაგერი, მაიკა რიჩარდსი და ტიერი ანრი ერთ აზრზე არასოდეს არიან და ცდილობენ საკუთარ სიმართლეში გულშემატკივრები დაარწმუნონ. ამჯერად სერიოზული კამათი ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელი ფორმატის თაობაზე მოხდა, რაშიც მხოლოდ კარაგერი და რიჩარდსი მონაწილეობდნენ.
ჯეიმი კარაგერი
ეშმაკმა დალახვროს ჩემპიონთა ლიგის ეს ახალი ფორმატი, რადგან ის ნამდვილი სისულელეა, საიდან მოიგონეს?! გასულ სეზონში „ლივერპულმა“ ჯგუფური ფაზა პირველ პოზიციაზე დაასრულა და მერვედფინალში მაინც პსჟ შეხვდა. რა მოხდა წელს, ჩემი ყოფილი კლუბი მესამე ადგილზე გავიდა და მისი სავარაუდო მეტოქეები „ატლეტიკო“ და „იუვენტუსი“ არიან.
მაიკა რიჩარდსი
გასაგებია, მაგრამ შენ ხომ ყოველთვის ამბობ, რომ „ლივერპული“ ისეთი დონის კლუბია, რომლისთვისაც მოწინააღმდეგეებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ნებისმიერის დამარცხება შეუძლია.
ჯეიმი კარაგერი
ეს მართლაც ასეა, მაგრამ როდესაც მარათონულ ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილზე გადიხარ, „ბებერი სინიორა“ და „როხიბლანკო“ არ უნდა გხვდებოდეს. ისე, არასოდეს მინახავს „მანჩესტერ სიტის“ მსგავსი იღბლის მქონე გუნდი, რადგან ყოველ წელს ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ისე გადის რომ პრემიერლიგის წარმომადგენელს არ ეთამაშება.
საბოლოოდ კამათში გადაცემის წამყვანი ნიკო კანტორი ჩაერია, რომელმაც კარაგერს შეახსენა, რომ „ქალაქელების“ სავარაუდო მეტოქეები „ინტერი“ და „რეალი“ იქნებიან, რის შემდეგაც ჯეიმიმ უკან დაიხია და მაიკა რიჩარდსს ხელი ჩამოართვა.