ინიესტას ტრავმა ისევ აწუხებს - კაპიტანი მნიშვნელოვან მატჩებს გამოტოვებს
Football Espana-ს ცნობით, „ბარსელონას“ კაპიტანი ანდრეს ინიესტა კვლავ ტრავმირებულია და გუნდს უახლოს ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
შაბათს, „ბილბაოსთან“ მატჩის გამოტოვების შემდეგ, ქომაგებს იმედი ჰქონდათ, რომ ინიესტა მოედანს დაუბრუნდებოდა, მაგრამ მარცხენა ფეხის კუნთის დაზიანება არც თუ ისე მსუბუქი გამოდგა.
ესპანელ ნახევარმცველს ჩემპიონთა ლიგაზე „ოლიმპიაკოსთან“ და ლა ლიგაში „სევილიასთან“ შეხვედრების გაცდენაც მოუწევს.
ბოლო წლებში, ინიესტა ტრავმებისკენ მიდრეკილი გახდა, რაც ასაკის მატებასთან ერთად ლოგიკურიცაა. ისიც ლოგიკურია, რომ გუნდი ზამთარში ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს. როდესაც, ანდრესი შემადგენლობაში არ არის, პრინციპულ შეხვედრებში „ბარსას“ მოედნის ცენტრში სერიოზული პრობლემები ექმნება.
შეგახსენებთ, რომ ანდრეს ინიესტა “ბარსელონას“ ღირსებას 2002 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 636 შეხვედრაში 55 გოლი და 136 საგოლე გადაცემაა.