ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ დაბრუნდა | პოლონარამ ვირტუს ბოლონიას რიგებში ითამაშა
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის, Lega A-ს მე-10 ტურში, თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ „ტორტონას“ დაუპირისპირდა. ქართველი მძიმე ფორვარდის გუნდმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და მეტოქე 99:70 დაამარცხა.
„ტორტონასთან“ მატჩში, პარკეტს დაუბრუნდა აკილე პოლონარა. რამდენიმე კვირის წინ, მას სათესლე ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინდა. პოლონარას ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა, თამაშის უფლება მიიღო და 8 წუთში თავი 5 ქულასა და 1 დაფარებას მოუყარა.
La cosa più bella: Bentornato Achi ????????????????#AmarsiAncora pic.twitter.com/GeSf8NSukd
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) December 3, 2023
ბოლონიური კლუბის რიგებში საუკეთესო შენგელია იყო, რომელმაც პარკეტზე 28 წუთი გაატარა. ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე 16 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა. თოკომ 9-დან 4 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.
„ვირტუს ბოლონიამ“ სეზონში მე-8 თამაში მოიგო და, „ბრეშიასთან“ ერთად, ჩემპიონატის ლიდერია. გუნდი მომდევნო ტურში „ოლიმპია მილანოს“ ესტუმრება, იქამდე კი, ევროლიგის ეგიდით, „ბარსელონას“ უმასპინძლებს.