ნატალი ბასილაშვილის წარმატება | ფინალი რაფა ნადალის აკადემიაში
ქართველმა ჩოგბურთელმა, ნატალი ბასილაშვილმა დიდ წარმატებას მიაღწია და TEN-PRO GLOBAL JUNIOR TOUR-ის ერთ-ერთი ეტაპის ფინალში იასპარეზა. ნატალი, 2013 წელს დაბადებულ გოგონებს შორის გამართული ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში გავიდა და უკრაინელ ვირა კლიმენოკთან დამარცხდა.
ნატალიმ პირველი შეხვედრა მიხალინა სლივინსკას წინააღმდეგ გამართა და 6:0, 6:1 იმარჯვა. მისი მომდევნო მეტოქე ამელია კულსტოკი გახლდათ, რომელსაც 7:6, 6:0 მოუგო. მეოთხედფინალში ბასილაშვილი დიაინა ვაგელას დაუპირისპირდა და მეტოქეს 6:2, 6:2 სძლია, ხოლო ნახევარფინალში ოლენა კუვშინოვა 6:4, 6:4 დაამარცხა.
ნატალიმ გადამწყვეტი შეხვედრაც კარგად დაიწყო და პირველი სეტი 6:2 მოიგო, თუმცა მეორე და მესამე პარტიები უკეთ კლიმენოკმა ჩაატარა და 6:3, 6:0 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ტურნირი, რომლის ფინალშიც ნატალი გავიდა, რაფაელ ნადალის აკადემიაში ტარდება.
გეტყვით იმასაც, რომ ყოველწლიურად, TEN-PRO ორგანიზებას უწევს საერთაშორისო ტურს, რომელშიც მონაწილეობას ნიჭიერი ახალგაზრდა ჩოგბურთელები იღებენ. ტური 14 ტურნირისგან შედგება და მის გათამაშებებს მსოფლიოს წამყვანი საჩოგბურთო აკადემიები მასპინძლობენ.