"ერთადერთი, რამაც შესაძლოა გადაწყვეტილება შემაცვლევინოს..." - ბუფონი კარიერას ასრულებს!
ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა, კარიერის დასრულების შესახებ Sky Italia-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ სეზონის ბოლოს ფეხბურთიდან წასვლას გეგმავს.
„ჩემს გადაწყვეტილებაში სრულად ვარ დარწმუნებული - ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნება. კიდევ ერთი, ან ორი წელი ჩემს კარიერას ბევრს ვერაფერს შემატებს. ერთადერთი, რამაც შესაძლოა გადაწყვეტილება შემაცვლევინოს ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ამ შემთხვევაში „იუვენტუსი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზებს. ასეთ შანსს კი ხელიდან ვერ გავუშვებ. თავს მშვიდად ვგრძნობ. არ მეშინია იმის, თუ რაც მელოდება კარიერის დასრულების შემდეგ.“
შეგახსენებთ, რომ 39 წლის ჯიჯი „იუვესთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ახლოს სამჯერ იყო, თუმცა 2003 წელს „მილანთან“, 2015 წელს „ბარსელონასთან“ და გასულ სეზონში მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება მისთვის კვლავ აუხდენელ ოცნებად რჩება.