ურუგვაიმ არგენტინაში მოიგო - კოლუმბიამ ბრაზილია დაამარცხა
სამხრეთ ამერიკაში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელთაგან 2 განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა.
არგენტინა შინ ურუგვაისთან 0:2 დამარცხდა, ხოლო ბრაზილია კოლუმბიაში 1:2.
„ლა ბომბონერაზე“ არგენტინამ მარსელო ბიელსას ურუგვაის ვერაფერი მოუხერხა და დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ასე უშანსოდ პირველად წააგო.
პირველი ტაიმი მეტნაკლებად თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, ბურთს ძირითადად არგენტინელები აკონტროლებდნენ, მაგრამ უფრო სახიფათოდ სტუმრები უტევდნენ.
41-ე წუთზე ნაუელ მოლინას ინდივიდუალურმა შეცდომა, რონალდ არაუხოს გოლით დასრულდა და „ლა სელესტემ“ კომფორტული უპირატესობა მიიღო. ამის შემდეგ, არგენტინელებს მომენტების შექმნა ძალიან უჭირდათ. ბიელსას გუნდმა ზონები იდეალურად გადაკეტა.
ყველაფერი 87-ე წუთზე დასრულდა, როცა მესის შეცდომის შემდეგ წამოწყებული კონტრშეტევა დარვინ ნუნესმა გოლით დაასრულა.
ბიელსას ნაკრებმა წინა ტურში ბრაზილიას 2:0 მოუგო, ამჯერად კი არგენტინას იმავე ანგარიშით სძლია.
რაც შეეხება კოლუმბიაში გამართულ შეხვედრას, ბრაზილიელები მარტინელის გოლით მე-4 წუთიდანვე იგებდნენ, თითქოს სამი ქულაც უნდა გაეფორმებინათ, თუმცა ბოლო 15 წუთში ყველაფერი შეიცვალა.
ლუის დიასმა 75-ე და 79-ე წუთებზე კოლუმბიელებს ნანატრი გამარჯვება მოუტანა.
ბრაზილიამ კი ისტორიაში პირველად, მუნდიალის შესარჩევზე მიჯრით 2 მატჩი წააგო.
სატურნირო ცხრილს 12 ქულით არგენტინა ლიდერობს, ურუგვაის 10 აქვს, ხოლო კოლუმბიას 9. ბრაზილია 7 ქულით მე-5 პოზიციაზეა.
22 ნოემბერს გამთენიისას (04:30) ბრაზილია არგენტინას უმასპინძლებს.