ტაისონ ფიური, ფრენსის ნგანუ
Aa
Aa

ნოკდაუნში გაგზავნილი ფიური | ნგანუმ მაგრად იჩხუბა და მოგებასთან ახლოს იყო

საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელის, ტაისონ ფიურისა და UFC-ის მძიმე წონის ყოფილი ჩემპიონის, ფრენსის ნგანუს დაპირისპირება გაიმართა. გულშემატკივრებმა საოცარი ბრძოლა იხილეს და ნგანუს გამოსვლამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

პირველ და მეორე რაუნდებში, მოკრივეებმა ერთმანეთი მოსინჯეს და „მტაცებელმა“ „ბოშათა მეფის“ რამდენიმე დარტყმა მიიღო. მესამე რაუნდში მოხდა ის, რასაც მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან ცოტა თუ ელოდა. ნგანუმ მარცხენა ხელით უზუსტესი და საკმაოდ ძლიერი დარტყმა განახორციელა და ფიური ნოკდაუნში გაგზავნა. ტაისონი წამოდგა და ბრძოლა გააგრძელა.

ნოკდაუნის შემდეგ, ნგანუ პრესინგს განაგრძობდა და ძლიერ დარტყმებს უშვებდა. ფიური დგომებს ცვლიდა, მაგრამ მისგან მოსალოდნელი დომინაცია არ იგრძნობოდა და გაჩნდა შანსი იმისა, რაც ბევრს შეუძლებელი ეგონა. დროის გასვლასთან ერთად, „მტაცებელს“ დაღლა დაეტყო, რაც ისეთი დონის მოკრივემ, როგორიც ფიურია, სათავისოდ კარგად გამოიყენა. დისტანციის შენარჩუნებითა და ჯების დახმარებით, „ბოშათა მეფემ“ მეტოქე კარგად გააკონტროლა და მტკივნეული დარტყმებიც მიაყენა, თუმცა „მტაცებელმა“ გვაჩვენა, რომ ძლიერი ყბა აქვს.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ნგანუმ ძალიან ჭკვიანურად იჩხუბა და რიგ მომენტებში, გამოცდილ მოკრივესაც მოგაგონებდათ. საბოლოოდ, საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა და მათი ვერდიქტი ფიურის სასარგებლოდ იყო - 94:95, 96:93, 95:94. სოციალურ ქსელებში მსაჯების გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კრივის ექსპერტთან ნაწილი თვლიდა, რომ ფრე უფრო სამართლიანი იქნებოდა, თუმცა, ფაქტია, რომ „მტაცებელმა“ ყველა გაგვაოცა და უდიდეს პატივისცემას იმსახურებს!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები