ჩავი ერნანდესი, ანდრეას კრისტენსენი, ფრენკი დე იონგი, ჟოაუ ფელიქსი
Aa
Aa

ტრავმების ფონზე ახალი საყრდენით? ჩავი ტაქტიკურ ცვლილებას გეგმავს

„ბარსელონაში“ ტრავმების ეპიდემიაა. ჩავის ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ „ელ კლასიკო“ ელის. კატალონიელები „რეალს“ 28 ოქტომბერს უმასპინძლებენ და ამ მატჩის გუნდი სოლიდური დანაკლისით შეხვდება.

ამ მომენტისთვის გადაწყვეტილია, რომ „ელ კლასიკოს“ ლევანდოვსკი, დე იონგი და რაფინია გამოტოვებს. პედრიმ ვარჯიში განაახლა და დიდი ალბათობით „რეალთან“ მატჩისთვის მზად იქნება.

ესპანური Sport-ი წერს, რომ ჩავის მთავარი თავის ტკივილი ფრენკი დე იონგის არყოფნაა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე გუნდის თამაშში ხარვეზები გაჩნდა და მწვრთნელს რაღაცების შეცვლა უწევს.

პირველ რიგში დე იონგის გამოკლების შემდეგ, „ბარსას“ პრობლემები საყრდენ ზონაში შეექმნა. ეგრეთწოდებული „ორმაგი ჩაშლა“ გუნდს აღარ გამოსდის. ორიოლ რომეუს თამაში გაცილებით უადვილდებოდა, როცა გვერდით დე იონგი ჰყავდა. ახლა კი ნიდერლანდელის გარეშე მას ბურთის ამოტანა ძალიან უჭირს, ცენტრი უფრო მძიმე და ნელი გახდა, რამაც გიუნდოგანის ზედმეტად უკან ჩაწევა გამოიწვია.

გარდა ამისა, ჟოაო ფელიქსის მარცხენა ფლანგზე თამაში დე იონგის არყოფნამ უფრო გაართულა. პორტუგალიელი ნიდერლანდელთან კარგად კომბინირებდა. ბურთის სწრაფად მოძრაობა და მეტი მარტივი გათამაშება, ფელიქსს უკეთ მანევრირების საშუალებას აძლევდა. ახლა ასე აღარ ხდება. აღსანიშნავია ასევე პედრის არყოფნაც, რაც საქმეს ორმაგად ართულებს.

პრობლემების ფონზე ჩავი ფიქრობს, რომ საყრდენ ნახევარმცველად კრისტენსენი გამოიყენოს. დანიელს 21-წლამდელთა ნაკრებში ამ პოზიციაზე თამაშის გამოცდილება აქვს. ასევე რამდენიმე შეხვედრა საყრდენად „ჩელსიშიც“ ითამაშა.

„კრისტენსენი ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია. ის არაჩვეულებრივი მცველია. ჩვენი თამაშის სტილს იდეალურად ერგება. ბურთს კარგად ანაწილებს, თავისუფალ პარტნიორს ყოველთვის ეძებს და შეტევებს კარგად იწყებს. მას ნახევარმცველად თამაში თავისუფლად შეუძლია“.

- ამბობს ჩავი.

„რეალთან“ მატჩისთვის ჩავი ამჟამინდელი 4-3-3-ის ფორმირებას გეგმავს. საყრდენ ზონაზე რამდენად გარისკავს და კრისტენსენს გამოიყენებს ამას მალე გავიგებთ. მოსალოდნელია, რომ გუნდმა გასული სეზონის 4-4-2 დაიბრუნოს.

„გასულ სეზონში 4-4-2-ს წარმატებით ვიყენებდით და არ არის გამორიცხული ეს სქემა მიმდინარე სეზონშიც დავაბრუნოთ“.

- თქვა ჩავიმ.

ასეთ შემთხვევაში 3 ფორვარდიდან ერთი ამოვარდება და მის ადგილს გავი დაიკავებს, რომელსაც „ცრუ ვინგერად“ თამაშის გამოცდილება აქვს.

28 ოქტომბრამდე ანუ „ელ კლასიკომდე“ „ბარსელონა“ 3 შეხვედრას გამართავს:  ლა ლიგაში სტუმრად „გრანადასთან“, შინ „ბილბაოსთან“ და ჩემპიონთა ლიგაზე შინ დონეცკის „შახტართან“. სავარაუდოდ ჩავის მოსალოდნელი ტაქტიკური ცვლილებები ამ მატჩებში მოხდება.

8 ტურის შემდეგ, ლა ლიგას 21 ქულით „რეალი“ ლიდერობს. „ბარსა“ 20 ქულით მეორეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სპეცრაზმი გვიტევდა, დონ პაბლო კი ფეხბურთის რეპორტაჟს უსმენდა“ | პაბლო ესკობარი და ფეხბურთი
„სპეცრაზმი გვიტევდა, დონ პაბლო კი ფეხბურთის რეპორტაჟს უსმენდა“ | პაბლო ესკობარი და ფეხბურთი