აკაკი ტაბუცაძე
Aa
Aa

„ნაკრები წლიდან წლამდე პროგრესირებს“ - ტაბუცაძე Daily Mail-ს ესაუბრა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ტაბუცაძემ უელსთან გასამართ მატჩამდე, ბრიტანულ Daily Mail-ს ინტერვიუ მისცა. „ბორჯღალოსნების“ 14-მა ნომერმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის გუნდს სენსაციების გამოცხობა შეუძლია.

„რაგბის თამაში ცოტათი გვიან დავიწყე. მანამდე, 5 წლის განმავლობაში, ფეხბურთს ვთამაშობდი. რაგბი პირველივე ვარჯიშზე შემიყვარდა და მას შემდეგ, მხოლოდ ამ სპორტზე ვარ ორიენტირებული. რაგბი ჩემი ცხოვრებაა.

ჩემი წარმატების საიდუმლო ჩემი გუნდი, ჩემი ბიჭები არიან. როცა თავისუფალ სივრცეში მხედავენ, პასს მიკეთებენ და ამის შემდეგ, ლელოს დადება მარტივია. მათ გარეშე დადებული ლელოების ნახევარიც არ მექნებოდა.

10 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოცნება ამიხდებოდა. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. საქართველოს ნაკრების მაისურით მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ჩემი ოცნებაა და ამ მომენტს მოუთმენლად ველოდებოდი. ძალიან ბედნიერი ვარ, აქ რომ ვიმყოფები.

ვფიქრობ, 6 ერში თუ მიგვიღებენ, მეტოქეებს ბევრ სიურპრიზს შევთავაზებთ. ჩემი აზრით, წლიდან წლამდე ვპროგრესირებთ და 6 ერში საქართველოს შეშვებას ნამდვილად არ ინანებენ. თუ მიგვიღეს, უფრო მეტი მოთამაშე გვეყოლება, რომლებსაც უმაღლეს დონეზე ასპარეზობის გამოცდილება ექნებათ და ეს ნაკრებს ძალიან გამოადგება“.

შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსნები“ 2023 წლის მსოფლიო თასის დასკვნით შეხვედრას 7 ოქტომბერს, ჩვენი დროით 17 საათზე გ ჯგუფის ლიდერ უელსთან ნანტში გამართავენ. უელსმა სამივე განვლილი თამაში მოიგო, 14 ქულა მოაგროვა და ავსტრალიას, რომელმაც უკვე ოთხივე შეხვედრა ჩაატარა 3, ხოლო ფიჯის 4 ქულით უსწრებს. ფიჯი დასკვნით ტურში პორტუგალიას ეთამაშება და ბონუსით გამარჯვების შემთხვევაში პირველი ადგილის დაკავების შანსი ექნება. შესაბამისად, „დრაკონებს“ საქართველოსთან მინიმუმ 2 ქულის მოპოვება სჭირდებათ, რათა მეოთხედფინალში გარანტირებულად პირველი ადგილით გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის