ვილი სანიოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

ნორვეგიასთან სულ სხვა ფეხბურთს იხილავთ - სანიოლის პრესკონფერენცია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნორვეგიასთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

ვილი სანიოლი: „ჩვენ თამაშის შესახებ ფეხბურთელებთან ბოლო დღეებში ბევრი ვისაუბრეთ. ნორვეგიასთან სრულიად სხვა სურათს იხილავთ, სრულიად განსხვავებულ ფეხბურთს ვითამაშებთ. ესპანეთთან თამაშზე საუბარი რთულია. ვფიქრობ, ამ თამაშში შედეგის გარდა ყველაფერი დავკარგეთ. ჩვენს თამაშში არ იყო დისციპლინა, აგრესია, გუნდური სულისკვეთება. ფეხბურთში წარმატებას პატარ-პატარა დეტალების ერთობლიობა განაპირობებს, ჩვენ კი მატჩი ყველა კუთხით დავთმეთ''.

ერთ-ერთი კითხვა მიმდინარე ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ნაჩვენებ დაბალი ხარისხის ფეხბურთს ეხებოდა, თუმცა სანიოლი სხვაგვარად ფიქრობს.

ვილი სანიოლი: „ყველას აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ ნორვეგიასთან მატჩში მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ. კვიპროსთან თანაბარი თამაში იყო. შოტლანდიასთან მატჩში, ჩვენი კონდიციების გათვალისწინებით, მძიმე გამოვიდა. რაც შეეხება ესპანეთთან შეხვედრას, ეს ყველამ ვნახეთ. თუ გუნდურ სულისკვეთებას დავაბრუნებთ, უკეთესად ვითამაშებთ. 1:7 მარცხი ძალიან მტკივნეული იყო არამარტო ჩემთვის არამედ მთელი ქვეყნისთვის. იმედი მაქვს ფებხურთელები ამ შესაძლებლობას ხვალინდელ მატჩში გამოიყენებენ''.

ერთ-ერთი კითხვა სანიოლის მიერ 5-მცველიან ტაქტიკაზე უარის თქმას ეხებოდა. ფრანგ სპეციალისტს ტაქტიკის შეცვლის მიზეზზე არ უსაუბრია, თუმცა შედეგებისა და თამაშის ხარისხის გათვალისწინებით, 5-მცველიან ტაქტიკაზე უარის თქმა შეცდომა იყო, მით უმეტეს მაშინ, როცა ჯაბა კანკავას ნაკრებიდან წასვლის შემდეგ მაღალი დონის ჩამშლელის პრობლემაა.

ევროპის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში ნორვეგია ოსლოში საქართველოს უმასპინძლებს. შეხვედრა 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

დიმა შარიქაძე ოსლოდან სპეციალურად კრისტალსპორტისთვის

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები