ხვიჩა კვარაცხელია, რუდი გარსია
Aa
Aa

„ვნახოთ, ძირითადში დაიწყებს თუ არა“ | რუდი გარსია კვარაზე, ლაციოზე და რეალზე

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და მომდევნო მეტოქეზე და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგებზე ისაუბრა. ფრანგმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ არ იცის, „კვარა“ „ლაციოსთან“ ძირითადში დაიწყებს თუ არა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები?

„შეიძლებოდა, უკეთეს ჯგუფში მოვხვედრილიყავით და არსებობდა ალბათობა, რომ უარესი ჯგუფი გვქონოდა. რეალი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია და ბლანკოსთან დაპირისპირების გამო, ორმაგად ბედნიერი ვარ. რეალს შესანიშნავი გუნდი ჰყავს და მათთან თამაშს მოუთმენლად ველი. 2016 წელს, რომასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გავედით და რეალს ვხვდებოდით, მაგრამ მათთან თამაში არ დამცალდა“.

კვარაცხელია თავს უკეთ გრძნობს? მისი სათამაშო დრო გაიზრდება?

„დიახ, ხვიჩა თავს კარგად გრძნობს. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ერთი კვირის განმავლობაში ევარჯიშა და ვნახავთ, ძირითადში დაიწყებს თუ არა. არ გვინდა, ჩვენს მეტოქეს წინასწარ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ და უპირატესობა მივცეთ“.

რამდენად საშიშია სარის ლაციო?

„ლაციო ხარისხიანი გუნდია. არწივებს ნული ქულა აქვთ და ქულების აღება ჰაერივით ესაჭიროებათ. არ ვიცი, რას უნდა ველოდოთ, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ ლაციო ჩაკეტილ ფეხბურთს ითამაშებს და სიტუაციებთან გამკლავება და სივრცეების შექმნა მოგვიწევს. საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მაგრამ ნელ-ნელა ვპროგრესირებთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ, ჩემს ბიჭებთან და სამწვრთნელო შტაბის წევრებთან ერთად ვმუშაობ. მოტივირებული ვარ და სწორ გზაზე ვიმყოფებით. სეზონის 9 ქულით დაწყება ბრწყინვალე სტარტი იქნება და იმედია, გავიმარჯვებთ“.

ლუკაკუს ტრანსფერი რომაში?

„საკუთარ გუნდზე ვარ ორიენტირებული. იტალიაში ბევრი ძლიერი კლუბია და მოდით, რომელუს ოსიმენს ნუ შევადარებთ. ვიქტორი 24 წლისაა და იმედი მაქვს, ჩვენთან ერთად კიდევ ბევრ სეზონს გამართავს. აშკარაა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ოსიმენი ერთ-ერთი უძლიერესი თავდამსხმელია“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ლაციოს“ დაპირისპირება ხვალ გაიმართება და თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება. „პარტენოპეი“ 6 ქულით სატურნირო ცხრილის ერთ-ერთი ლიდერია, „არწივებს“ კი ნული ქულა აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩეფერინი საუდის ლიგაზე: ჩინელებიც იმავეს შვებოდნენ, მაგრამ უშედეგოდ
ჩეფერინი საუდის ლიგაზე: ჩინელებიც იმავეს შვებოდნენ, მაგრამ უშედეგოდ