თავდაპირველი რეაქცია სხვაგვარი იყო - რუბიალესმა FIFA-ს ვიდეო გაუგზავნა
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა FIFA-ს ესპანეთის ქალთა ნაკრების ავტობუსში გადაღებული ვიდეო გაუგზავნა.
საუბარია ვიდეოზე, რომელშიც ნაკრების ფეხბურთელები რუბიალესისა და ჯენიფერ ჰერმოსოს კოცნას განიხილავენ. კადრებში ჩანს, რომ გოგონები და თავად ჰერმოსო ამ ფაქტს ღიმილით უყურებდნენ და ერთ მომენტში - „კოცნა, კოცნა“ - შეძახილებიც დაიწყეს.
FIFA-ში ვიდეოს გაგზავნით რუბიალესი ცდილობს აჩვენოს, რომ კოცნასთან დაკავშირებით, ჰერმოსოს თავდაპირველი რეაქცია მის შემდგომ რეაქციას ეწინააღმდეგებოდა.
შეგახსენებთ, რომ რუბიალესის წინააღმდეგ პრაქტიკულად მთელი ესპანური საფეხბურთო ელიტაა. მას გადადგომისკენ მოუწოდებენ. განცხადებები გაავრცელეს ფეხბურთელებმაც. ერთ-ერთი ბოლო ვინც რუბიალესის წინააღმდეგ საჯაროდ წავიდა, ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი გახლდათ.
ლუის რუბიალესის წინააღმდეგ გამოძიება უკვე მიმდინარეობს. თავად თავს უდანაშაულოდ თვლის.