გორის დილა, თბილისის დინამო, გია გეგუჩაძე, ბათუმის დინამო, გიორგი დევდარიანი
Aa
Aa

დევდარიანი: „ვინც გავიდა დიდია და ვინც გავარდა სახლში გავუშვათ - ასე არ ვთვლი“

თბილისის „დინამოს“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ ქართული კლუბების ევროპულ ტურნირებზე გამოსვლაზე ისაუბრა. მან გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის, ანდრეი დემჩენკოს მუშაობა დადებითად შეაფასა. ასევე, იმ მიზეზებზე ისაუბრა, რაც ქართულ კლუბების ევროპულ ტურნირებზე წარმატებულ გამოსვლას ხელს უშლის.

გიორგი დევდარიანი: „ანდრეი დემჩენკო ძალიან კვალიფიციური და კარგი მწვრთნელია, თუმცა პირველი ეტაპის გადალახვა ზეიმის საფუძველი არაა. მეც გამივლია 1 ეტაპი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მათ ვჯობივარ, ვინც ვერ გაიარა. 

რაც შეეხება „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელს, მასზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი, ერთი ეტაპის გადალახვა შეფასების გაკეთებისთვის საკმარისი არაა. იმის თქმა რომ ვინც გამოვარდა სახლში გასაშვებია და ვინც 1 ეტაპი გაიარა დიდი მწვრთნელია, სწორი არ მგონია. არ ვთვლი რომ ასეა''.

 

წარუმატებლობის მიზეზები

„თბილისის „დინამოში“ არიან ფეხბურთელები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ახალგაზრდულ ასაკში საქართველოში დაბრუნდნენ, თუმცა ვთვლი რომ პოტენციურად ხარაიშვილს, ტაბიძეს თუ სხირტლაძეს ევროპულ კლუბებში თამაში შეუძლიათ, მაგრამ ფაქტია, ევროპულ კლუბებში თავი ვერ დაიმკვიდრეს. ეს მოთამაშეები ჩამოდიან და მათ ძლიერ ლეგიონერებს არ ამატებ და ამ ფეხბურთელებით ითხოვ ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას, მაგრამ ეს ფეხბურთელები ევროპაში ვერ რეალიზდნენ და ამიტომ დაბრუნდნენ საქართველოში. მე მათი ნიჭის მჯერა, მაგრამ დღევანდელი რეალობა ასეთია. ლოგიკა ხომ არსებობს? ევროპულ კლუბებში რომ რეალიზებულნი ყოფილიყვნენ, არ მგონია საქართველოში დაბრუნებულიყვნენ.

მეორე საკითხია საქართველოს ჩემპიონატი, „სამტრედიაში“, „შუქურასა“ თუ „გაგრაში“ სახარბიელო მდგომარეობა არაა. თბილისის „დინამოსა“ და ბათუმის „დინამოს“ 10-დან 5 თამაშის ასეთ გუნდებთან ჩატარება უწევთ. ვერ ეჩვევი კონკურენტუნარიან თამაშს, ვერ ეჩვევი სივრცის დეფიციტში თამაშს“.

შეგახსენებთ, ბათუმის „დინამო“ ერთადერთი ქართული გუნდია, რომელმაც ევროსეზონი დაასრულა, კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ „ტირანასთან“ ორმატჩიან ჯამში 2:3 დამარცხდა. ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამომ“ ანალოგიური ანგარიშით „ასტანასთან“ დაპირისპირება დათმო, ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტურ „ჰამრუნს“ შეხვდება, პირველი მატჩი მალტაზე 25 ივლისს გაიმართება. შეხვედრა 22:00 საათზე დაიწყება.

გორის „დილამ“ და ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარეს. ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ორი მატჩის ჯამში „დუნაისკა სტრედა“ 3:2 დაამარცხა, სტუმრად 2:1 დამარცხდა, თუმცა გორში 2:0 მოიგო. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დილას“ მეტოქე უკრაინული „ვორსკლაა“. პირველ შეხვედრას პოლონეთის ქალაქი ტიხი 27 ივლისს უმასპინძლებს, თამაში 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ქუთაისის „ტორედოსა“ და „სარაევოს“ პირველი დაპირისპირება 2:2 დასრულდა. სარაევოში მასპინძლები იგებდნენ, თუმცა მატჩის მიწურულს მერაბ გიგაურმა „ტორპედო“ მარცხისგან იხსნა (1:1). პენალტების სერია სტივ კინის გუნდმა მოიგო და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „აქტობეს“ შეხვდება. პირველი შეხვედრა ქუთაისში 27 ივლისს შედგება, თამაში 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები