თბილისის დინამო, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ჭიაბრიშვილი, თორნიკე კირკიტაძე
Aa
Aa

„იმედი მაქვს გავიმარჯვებთ, ჩვენთვის ასეთ ბალახსა და ამინდში თამაში პრობლემაა“

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანა“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ისაუბრა. მის კომენტარს ყაზახური Vesti ავრცელებს.

გიორგი ჭიაბრიშვილი: „რა მოლოდინი მაქვს ხვალინდელი მატჩის მიმართ? არ არსებობს ისეთი მწვრთნელი, რომელიც მისი გუნდის მხრიდან გამარჯვებას არ ელის. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს გავიმარჯვებთ

შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. „ასტანას“ გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, მათი უმრავლესობა თავიანთი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს.

ჩვენს გუნდში რამდენიმე ფეხბურთელს მიკროტრავმა აწუხებს, მათ შორისაა თორნიკე კირკიტაძე, რომელიც ვერ დაგვეხმარება''.

თბილისის „დინამოს“ „ასტანასთან“ ტრავმის გამო ანზორ მექვაბიშვილი და თორნიკე კირკიტაძე ვერ დაეხმარებიან.

ერთ-ერთი კითხვა ქართველი ლეგიონერების ევროპულ კლუბებში წარმატებულად თამაშსა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას ეხებოდა.

„დიახ, ახლა ნამდვილად კარგი დრო გვიდგას, ბევრი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებსა და ახალგაზრდულ ნაკრებში წარმატებით თამაშობს. კვარაცხელია და მამარდაშვილი „დინამოს“ აღზრდილები არიან. ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთისადმი დამოკიდებულება იცვლება“.

თბილისის „დინამო'' ხვალ ხელოვნურსაფარიან მინდორზე ითამაშებს. ჭიაბრიშვილს მინდორთან დაკავშირებითაც ჰკითხეს: „მინდვრის საფარი და ამინდი ჩვენთვის პრობლემა იქნება. მაღალი ტემპერატურა ჩვენთვის უცხო არაა, თუმცა +35-38 გრადუსი სიცხე ამ წელს თბილისში არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, ასეთ ამინდთან ადაპტირებულნი არ ვართ“.

„ასტანა“ - „დინამოს“ პირველი მატჩი 12 ივლისს, „ასტანა არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა 19 ივლისს, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები