„შანსები თანაბარია, რთული შეხვედრა გველის“ | რა თქვა ასტანას თავკაცმა დინამო თბილისზე
„დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას „ასტანასთან“ დაპირისპირებით იწყებს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა ხვალ, „ასტანა არენაზე“ გაიმართება და მატჩის წინ, ყაზახური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, გრიგორი ბაბაიანმა მეტოქეზე ისაუბრა.
„ძალიან რთულ შეხვედრას ველოდებით. დინამო თბილისის ძლიერ მხარეებს ვიცნობთ და ქართული კლუბის ღრმა ანალიზი ჩავატარეთ. ჩვენს მეტოქეს სერიოზული შემადგენლობა ჰყავს, ახლახან, საქართველოს სუპერთასი მოიგო და პროგრესის გზაზეა.
საკუთარ კედლებში, ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ ვთამაშობთ და ქალაქში წინასამატჩო განწყობაც იგრძნობა. ქომაგებს სურთ, მხარი დაგვიჭირონ და მჯერა, ხვალ სავსე სტადიონს ვიხილავთ. ეჭვი არ მეპარება, რომ გულშემატკივრები საოცარ ატმოსფეროს შექმნიან და ჩვენ გვერდით დადგებიან.
ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საკუთარ კედლებში ვთამაშობთ, ვალდებული ვართ, გავიმარჯვოთ. დინამო თბილისი შეტევაში ძალიან ძლიერია და დაცვაში კარგად თამაში გვმართებს. ორგანიზებულობა უნდა გამოვიჩინოთ და მასპინძლის სტატუსის მიუხედავად, შეტევაში უკანმოუხედავად არ უნდა გავიქცეთ. მომდევნო ეტაპზე ორმატჩიანი დუელის გამარჯვებული გადის. ამიტომ, პირველ შეხვედრას რაციონალურად უნდა მივუდგეთ და ძალები გადავანაწილოთ. მჯერა, ჩვენი ქომაგების დამსახურებით, ხვალ სასურველ შედეგს დავაფიქსირებთ“.
შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისისა“ და „ასტანას“ პირველი მატჩი ხვალ გაიმართება და თბილისის დროით, 18:00-ზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს