ოლიმპიური კომიტეტი, ევროპული თამაშები
Aa
Aa

ოლიმპიური დელეგაცია ევროპული თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ბოლო ნაკადი პოლონეთიდან სამშობლოში გვიან ღამე დაბრუნდა.

დღეს გამთენიისას, პოლონეთიდან სამშობლოში საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია დაბრუნდა, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის წევრებს შორის იმყოფებოდნენ მესამე ევროპული თამაშების ჩემპიონი ლუკა შონია (კიკბოქსინგი), ვერცხლის პრიზიორი ლაშა გურული (კრივი) და ბრინჯაოს მედალოსანი ზურაბ ივანიაძე (კიკბოქსინგი).

ოლიმპიურ დელეგაციას აეროპორტში გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ პოლონეთში, მესამე ევროპულ თამაშებზე ასპარეზობა 9 მედლით დაასრულა, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 48 ქვეყანას შორის მე-19 ადგილი დაიკავა.

საქართველოს სპორტსმენებმა მესამე ევროპულ თამაშებზე სპორტის 16 სახეობაში იასპარეზეს. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ანგარიშზეა სპორტის 8 სხვადასხვა სახეობაში 9 მედალი, მათ შორის 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი.

მესამე ევროპული თამაშების ჩემპიონები გახდნენ სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა), ზურაბ კინწურაშვილი (ტაეკვონდო), საქართველოს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი, ლუკა შონია (კიკბოქსინგი).

ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ზაზა ნადირაძე (კანოე სპრინტი) და ლაშა გურული (კრივი).

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გოგიტა არქანიამ (კარატე), ელენე ლოლაძემ (ტაილანდური კრივი) და ზურაბ ივანიაძემ (კიკბოქსინგი).

„კრაკოვი-მალოპოლსკა 2023-ის“ ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები მოიპოვეს ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ და მოკრივე ლაშა გურულმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიკბოქსინგი: ლუკა შონია ევროპული თამაშების გამარჯვებულია
კიკბოქსინგი: ლუკა შონია ევროპული თამაშების გამარჯვებულია