U20 მსოფლიო თასი | უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იტალია დაამარცხეს!
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა იტალიის ასაკობრივ გუნდთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 17:30 გაიმარჯვა.
ორივე გუნდისთვის შეხვედრა საკმაოდ მძიმე და დაძაბული გამოდგა, რომელშიც უფრო ძლიერი საქართველოს ნაკრები აღმოჩნდა. ლადო კილასონიას გუნდმა მეტოქეს 4 ლელო დაუდო და ბონუს ქულითაც გაიმარჯვა.
ანგარიში მე-11 წუთზე ნიკა ლომინაძემ გახსნა, რომელსაც პეტრე ხუციშვილის მიერ ზუსტად შესრულებული გარდასახვა მოყვა - 7:0.
რამდენიმე წუთში იტალიელებმა ჯერ ჯარიმა დაარტყეს, შემდეგ კი ლელო დაგვიდეს და 10:7 დაწინაურდნენ.
26-ე წუთზე პეტრე ხუციშვილმა ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა.
30-ე წუთზე კი ბექა ხონელიძემ მეტოქის ნახევარზე მეორე ლელო დადო, რის შედეგადაც ჩვენი გუნდი 15:10 დაწინაურდა.
პირველი ტაიმის მიწურულს კი საბოლოო ანგარიში პეტრე ხუციშვილმა დააფიქსირა, რომელმაც ჯარიმა კვლავ ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრები შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 18:10.
მეორე ნახევრის დებიუტში, იტალიელებმა შველიძის 10-წუთიანი გაძევების გამო შექმნილი რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს - 18:17.
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 8-ქულიანი თანაფარდობა მალევე აღადგინეს. 52-ე წუთზე ირაკლი აფციაურმა მეტოქეს მესამე ლელო დაუდო, პეტრე ხუციშვილმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 25:17 გახდა.
საბოლოო ანგარიში შეხვედრის მიწურულს დაფიქსირდა, როდესაც ჭანიაშვილმა მე-4 ლელო დაუდო, რაც საქართველოს ბონუს ქულადაც დაუჯდა და ვინ იცის, შესაძლოა ეს ისტორიული ბონუს ქულაც აღმოჩნდეს.
ახლა ყველაფერი არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის მატჩზეა დამოკიდებული. თუ არგენტინელები ფრედ ითამაშებენ, ან მოიგებენ ისე, რომ ბონუს ქულას ვერ აიღებენ, მაშინ ლადო კილასონიას გუნდი მსოფლიო თასის მომდევნო ეტაპზე ითამაშებს. სხვა შემთხვევაში კი საქართველოს 20-წლამდე ნაკრები მეხუთე-მერვე ადგილებისთვის იბრძოლებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს