კაროლინ ვოზნიაცკი
Aa
Aa

დედობა ხელს არ შემიშლისო | ვოზნიაცკი ბრუნდება და ოლიმპიადაზე თამაში უნდა

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, კაროლინ ვოზნიაცკი 3-წლიანი პაუზის შემდეგ კარიერის განახლებას გეგმავს. დანიელმა ვარსკვლავმა ეს VOGUE-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოაცხადა და ახსნა ის გარემოებები, რის გამოც აქტიურ სპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

32 წლის ჩოგბურთელმა კარიერა 2020 წლის იანვარში, ავსტრალიის ღია პირველობიდან გამოვარდნისთანავე დაასრულა. „კაროს“ მაშინ რემატოიდული ართრიტის დიაგნოზი დაუსვეს, რაც კიდურის დაავადებაა. მას შემდეგ 2021 წლის ივნისსა და 2022 წლის ოქტომბერში შვილები შეეძინა, ბოლო თვეების განმავლობაში კი ESPN-ზე კომენტატორის როლი მოირგო.

„ვნერვიულობ? საერთოდ არა. ვუბრუნდები იმას, რაც მიყვარს. შემიძლია თუ არა US Open-ის მოგება? ვფიქრობ, კი. შემიძლია თუ არა ავსტრალიის ღია პირველობის მოგება? ვფიქრობ, კი. ამ ყველაფერს სწორედ ამიტომ ვაკეთებ და ვნახოთ, რა იქნება. საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რომ არ მჯეროდეს, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი.

ამასობაში, დედა გავხდი და ორი საოცარი შვილი მყავს, რისთვისაც მადლიერი ვარ. თუმცა, დედობა არ ნიშნავს, რომ მიზნები აღარ მაქვს და მათ მისაღწევად არ ვიბრძოლებ. ვიქტორია აზარენკამ, კიმ კლაისტერსმა და სერენამ უკვე დაამტკიცეს, რომ, დედობის პარალელურად, ეს შესაძლებელია. გადაწყვეტილება ოჯახურ გარემოში, უახლოეს ადამიანებთან ერთად მივიღე. ვთქვით, რომ დროა, ასე რომ, ვბრუნდები და ამას მოუთმენლად ველოდები. რამდენ წელს ვითამაშებ, ახლა არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ როცა ბავშვები სკოლაში შევლენ ანუ 5 წლის შემდეგ, უკვე გვიანი იქნება.

რამდენიმე კვირის წინ, მე და სერენამ ერთად ვისადილეთ, რა დროსაც მას ამ გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი. მისი რეაქცია იყო: „WOW, მაგარია. მე ყველა ნაბიჯზე შენი გულშემატკივარი ვიქნები და თუ რამე დაგჭირდა, იცოდე, აქ ვარ“. იგი მართლაც მუდამ ჩემ გვერდით იყო.

პირველად მონრეალში ვითამაშებ, შემდეგ კი ნიუ იორკში წასვლა მინდა. US Open-ის შემდეგ კი მექნება რამდენიმე თვე, რათა Aus Open-ისთვის მოვემზადო. ჩემს მიზნებში, რა თქმა უნდა, პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლაც შედის“.

ვოზნიაცკი WTA-ის რეიტინგის პირველ ადგილზე ჯამში 71 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, მას პროფესიონალურ დონეზე 30 ტიტული აქვს მოგებული - მათ შორის ერთი დიდი სლემის (ავსტრალიის ღია პირველობა, 2018 წელს). დიდი სლემის კიდევ ერთ ტურნირ ამერიკის ღია პირველობაზე კი ფინალში ორჯერ დამარცხდა: 2009-ში - კლაისტერსთან და 2014-ში - სერენასთან.

ვოზნიაცკი პირველი დანიელია, რომელსაც ჩოგბურთში დიდი სლემის ტიტული მოუგია. თუ პარიზში ითამაშებს, ოლიმპიადაზე თავის ქვეყანას მეოთხედ წარადგენს, 2016-ში, რიოში კი საერთოდ დანიელთა მედროშე იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC-ის მებრძოლი: „ქალები სამზარეულოში უნდა დავაბრუნოთ“
UFC-ის მებრძოლი: „ქალები სამზარეულოში უნდა დავაბრუნოთ“