„ჩემს წიგნთან ერთად დათა თუთაშხია თარგმნა“ - არველაძის საინტერესო ისტორია
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნთან დაკავშირებით Facebook-ში საინტერესო ისტორია დაწერა. „ტრაბზონის“ ყოფილ ფორვარდს თურქი ქართველოლოგი ჰარუნ ჩიმქე დაუკავშირდა და მისი ავტობიოგრაფიული წიგნის („გუშინ“) თურქულ ენაზე თარგმნა შესთავაზა. საპასუხოდ, არველაძემ ჩიმქეს „დათა თუთაშხიას“ თარგმნა ურჩია. საბოლოოდ, ჩიმქემ ორივე წიგნი თარგმნა.
„წლების წინ, ცნობილი თურქი პროფესორი, მთარგმნელი და ქართველოლოგი, ჰარუნ ჩიმქე დამიკავშირდა, რომელმაც თურქულ ენაზე, ჩემი ავტობიოგრაფიული წიგნის თარგმნა შემომთავაზა. მე ვუთხარი, რომ უამრავი წიგნია, რომელიც უფრო დიდ მნიშვნელობას ატარებს და კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს, თუ მისი წაკითხვა თურქულ ენაზეც გახდებოდა შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთია დათა თუთაშხია და შევთავაზე, რომ ჩემი წიგნის ნაცვლად ეს შესანიშნავი რომანი ეთარგმნა.
საბოლოოდ, ჰარუნმა მაინც თარგმნა ჩემი ავტობიოგრაფიული წიგნი, მაგრამ თარგმნა დათა თუთაშხიაც და ამით ბედნიერი ვარ, რადგან ეს წიგნი ბევრ რამეს იტევს ადამიანური ურთიერთობების, სწორის და არასწორის, პრინციპის არ დათმობის, თავგანწირვის, მეგობრობის და არაერთი მნიშვნელოვანი ადამიანური ღირებულების შესახებ. მიხარია, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, შალვა კირთაძის მიწვევით, ქუთაისში, აჩისთან ერთად დავესწარი წიგნის პრეზენტაციას.

მადლობა ყველას ამ შესაძლებლობისთვის და განსაკუთრებით ჰარუნ ჩიმქეს, გამოჩენილი ინტერესისა და ასეთი მნიშვნელოვანი წიგნის თარგმნისთვის“.
შოთა არველაძე თურქეთის ჩემპიონატში 1993-97 წლებში თამაშობდა, „ტრაბზონისთვის“ ჩატარებულ 123 მატჩში 79 გოლი შეაგდო და 24 საგოლე პასი შეასრულა. 1994-95 წლების სეზონში თურქეთის თასი მოიგო, 1994 წელს - თურქეთის სუპერთასი. 1995-96 წლების სეზონში 25 გოლით თურქეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ასევე, 1994-95 წლების სეზონში თურქეთის თასის გათამაშებაში ორჰან კაინაკთან ერთად ყველაზე მეტი გოლი შეაგდო (6).