პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

„ფავორიტის სტატუსი უმნიშვნელოა“ - რა თქვა გუარდიოლამ ფინალის წინ

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ პრესკონფერენცია გამართა და ჩემპიონთა ლიგის ფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა. „ქალაქელები“ „ინტერს“ შეხვდებიან და ესპანელი სპეციალისტის თქმით, დაცვაში კარგად თამაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება.

„ინტერს შეუძლია, შეტევები, როგორც ცენტრალური ნაწილიდან, ისე ფლანგებიდან წარმართოს და ასეთი გუნდების გაკონტროლება ძნელია. თუ მათთან პირისპირ დარჩები, გაგანადგურებენ. გამომდინარე აქედან, ვეცდებით, თავი, რაც შეიძლება, კარგად დავიცვათ და მაღალ დონეზე ვითამაშოთ.

ჩელსისთან წაგებული ფინალისგან მიღებული გაკვეთილი? საერთოდ სხვა თამაშზეა საუბარი. ორი წელიწადი გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. ვგეგმავდით, რომ ჩელსისთან კარგი მატჩი გვქონოდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ხვალინდელ შეხვედრასაც იგივე გეგმებით ვხვდებით. მზად ვართ, ფეხბურთელებს კარგი განწყობა აქვთ და ინტერის ხარისხსს პატივს სცემენ. 

ფავორიტის სტატუსი? ეს უმნიშვნელოა. მთავარია ხვალ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. ის, რაც წარსულში იყო, იქ დარჩა და ვეცდებით, საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და გამარჯვება ვიზეიმოთ. ჩემპიონთა ლიგის მოგება ოცნებაა. რაღაც დიადის მისაღწევად, საჭიროა, მისით ცოტათი შეპყრობილი იყო. ამ ვითარებაში, სიტყვა „შეპყრობილი“ დადებით კონტექსტში გამოიყენება და ამ ოცნებით შეპყრობილი ვარ.

ინტერის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი? მათი სათამაშო ფილოსოფია. ყველა პროცესი, რომლებსაც ისინი წარმართავენ, განსაკუთრებით მარცხენა ფლანგზე, გამორჩეულია. მათ აქვთ უნარი, ექსტრა პასი გააკეთონ და გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, რათა უფრო ეფექტური ვიყოთ. რა რჩევას მივცემდი ახალგაზრდა სპეციალისტებს? კარგი ფეხბურთელები გყავდეთ. წარსულში მესი მყავდა, ახლა - ჰოლანდი. ესაა ჩემი წარმატების განმაპირობებელი ფაქტორი“.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „სიტის“ მატჩი ხვალ გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სირცხვილია, აიაქსს ჩემთვის უნდა მოესმინა“ - სვარტმა ხვიჩაზე ისაუბრა
„სირცხვილია, აიაქსს ჩემთვის უნდა მოესმინა“ - სვარტმა ხვიჩაზე ისაუბრა