„შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა და ეს მხოლოდ გოლებს არ ეხება“ - სანიოლი მიქაუტაძეზე
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სასტუმრო „პულმანში“ პრესკონფერენცია გამართა. ფრანგმა სპეციალისტმა საინტერესო თემებზე ისაუბრა, მათ შორის გიორგი მიქაუტაძის ბრწყინვალე სეზონზე, რომელიც 2022-23 წლების სეზონის საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ფრანგი სპეციალისტის აზრით, მიქაუტაძე ისეთ გუნდში უნდა გადავიდეს, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება.
სანიოლი მიქაუტაძეზე: „გიორგი მიქაუტაძემ შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა და ეს არ ეხება მხოლოდ გოლებს, ვგულისხმობ საქმისადმი მიდგომას, დისციპლინას, თამაშის წყურვილს და როგორ გადაადგილდებოდა მოედანზე. დარწმუნებული ვარ, გოლების გატანა უმაღლეს დონეზეც შეუძლია. არ ვიცი, დარჩება „მეცში“ თუ კლუბს დატოვებს, მაგრამ მან ჩემი აზრი კარგად იცის. სადაც ითამაშებს, მუდმივი სათამაშო პრაქტიკა უნდა ჰქონდეს, რადგან საჭირო მოტივაციას მხოლოდ ასეთ გუნდში აიმაღლებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება უფრო მოტივირებული, რომ უფრო მეტი იმუშავოს და ნაკრებს გამოადგეს“.
მიქაუტაძემ „მეცისთვის“ ლიგა 2-ის 37 მატჩში 23 გოლი შეაგდო და 8 საგოლე პასი შეასრულა. მისი გოლებით „მეცმა“ არაერთი მატჩი მოიგო და კლუბი საფრანგეთის ელიტას დაუბრუბდა. მიქაუტაძის მიმართ ინტერესი ინგლისის პრემიერ ლიგისა და იტალიის სერია ა-ს კლუბებს აქვთ. შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელი გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატში ვიხილოთ.
ევრო 2024-ის შესარჩევში საქართველოს ნაკრები მიმდინარე თვეში ორ მატჩს გამართავს, 17 ივნისსს სტუმრად კვიპროსს შეხვდება, 20 ივნისს კი ასევე გასვლით შეხვედრაში - შოტლანდიას.