ქუთაისის ტორპედო, სტივ კინი
Aa
Aa

კინი: „დავრწმუნდებით, რომ ბევრი შეგვიძლია, უკეთესი შედეგები გვჭირდება“

ქუთაისის „ტორპედომ“ ახალმა მთავარი მწვრთნელის, სტივ კინის ხელმძღვანელობით თბილისის „დინამოსთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო. შოტლანდიელი სპეციალისტი კლუბის პრესსამსახურს ესაუბრა.

სტივ კინი: „ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ აქ ვარ. ჩემთვის პირველი დღეა და ამიტომ მომიტევეთ, რადგან ქართულად კარგად ვერ ვსაუბრობ, მაგრამ აუცილებლად ვისწავლი, რათა უკეთ შევძლო ფეხბურთელებთან კომუნიკაცია, რაც უმთავრესია.

ვარჯიშამდე ფეხბურთელებთან მცირე საუბარი მქონდა, თუ რა მოლოდინები მაქვს მათგან. ჩემი მთავარი სათქმელი იყო, რომ უნდა დავივიწყოთ, რაც აქამდე რაც მოხდა და ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ.

ყველაფერი პირველი შეხვედრიდან იწყება, გულშემატკივარი ამ კლუბისგან ბევრს ელის, აუცილებლად უკეთესი შედეგები გვჭირდება, რადგან ახლა რომელ პოზიციაზეც ვართ, ამ დონის კლუბისთვის მიუღებელია, მაგრამ ფეხბურთელებისგან და თანამშრომლებისგან მონდომებას ვხედავ. ერთად ვიმუშავებთ და დავრწმუნდებით, რომ ბევრი შეგვიძლია.

მომდევნო თამაშები გვანახებს, ვართ თუ არა მზად ჩემპიონატისთვის, სეზონის მეორე ნახევარში მაღალი პოზიციებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.

2010-12 წლებში, ინგლისის პრემიერ ლიგაში სტივ კინის ხელმძღვანელობით „ბლექბერნმა“ 59 მატჩიდან 13 მოიგო, 14 ფრედ დაასრულა, 32 შეხვედრაში დამარცხდა. 2010-11 წლების სეზონის პრემიერ ლიგაში „ბლექბერნი“ 43 ქულით მე-15 ადგილზე გავიდა, 2011-12 წლების სეზონში პრემიერ ლიგიდან გავარდა. კინმა „ბლექბერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი 2012 წლის სექტემბერში დატოვა, როცა საკუთარ მოედანზე „მიდლსბროსთან“ დამარცხდა.

შეგახსენებთ, სტივ კინმა „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კახა ჩხეტიანი შეცვალა. 15 ტურის შემდეგ „ტორპედო“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-6 ადგილზეა. მე-16 ტურში სტივ კინის დებიუტი შედგება, „ტორპედო“ სამტრედიაში თბილისის „დინამოს“ მიიღებს, მატჩი 24 მაისს, 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ფოტო: „ტორპედოს“ პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები