გაგრა, საბურთალო, იური ტაბატაძე, როინ ოდიშელიძე, ვიტინიო
Aa
Aa

ტაბატაძის დუბლი - საბურთალოს წარმატებული სერია გრძელდება

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-15 ტურში „გაგრა“ „ილია კოკაიაზე“ „საბურთალოსთან“ 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში „საბურთალოს“ ნახევარმცველმა იური ტაბატაძემ დუბლი შეასრულა, ორივე გოლი პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ორივე პენალტი ტაბატაძემ მოიპოვა. 39-ე წუთზე ტაბატაძე ტრავმის გამო შეცვალეს.

„გაგრას“ მხრიდან ერთადერთი საპასუხო გოლი როინ ოდიშელიძის ანგარიშზეა. 21 წლის ნახევარმცველმა Crystalbet ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

23 წლის იური ტაბატაძემ მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო (5 პენალტი). ასევე, მან მიმდინარე სეზონში 6 პენალტი დაარტყა და მხოლოდ 1 ვერ გაიტანა.

„საბურთალომ“ 15-დან 8 შეხვედრა მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 2 დათმო. ომარ თეთრაძის გუნდის ანგარიშზე 8-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიაა. თბილისური კლუბი ლიდერებს, ბათუმის „დინამოსა“ და „სამგურალს“ 3 ქულით ჩამორჩება. მე-16 ტურში „საბურთალო“ რუსთავში „სამგურალს“ მიიღებს (24 მაისი, 19:00).

გაგა კირკიტაძის გაწვრთნილმა „გაგრამ“ მიმდინარე სეზონში 15-დან 2 შეხვედრა მოიგო, 5 ფრედ დაასრულა, 8 დათმო. 10-გუნდიან ჩემპიონატში „გაგრა“ „თელავთან“ ერთად 11 ქულით მე-7 ადგილზეა. მე-16 ტურში „გაგრა“ გორის „დილას“ ესტუმრება (24 მაისი, 20:00).

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-15 ტურში „თელავმა“ შინ ქუთაისის „ტორპედო“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე ბრაზილიელმა ვიქტორ ვიერა ვიტინიომ გურამ ყაველაშვილის პასით გაიტანა.

„თელავმა“ 15-დან მხოლოდ 2 მატჩი მოიგო, 11 ქულით „გაგრასთან“ ერთად მე-7 ადგილს იყოფს, მე-16 ტურში „თელავი“ ბათუმის „დინამოს“ ესტუმრება (24 მაისი, 21:00).

ქუთაისის „ტორპედო“ 20 ქულით მე-6 პოზიციაზეა (5 მოგება, 5 ფრე, 5 მარცხი). შემდეგ ტურში „ტორპედო“ სამტრედიაში თბილისის „დინამოს“ მიიღებს (24 მაისი, 16:30), 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები