გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

რა პირობებში თამაშობდა მიქაუტაძე - „დერეფანში შეიძლებოდა მკვდარი ვირთხა გეპოვათ“

„სერენის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟან-ლუი გარსიამ ბელგიურ კლუბში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა. გარსიამ Walfoot-ს გაუზიარა, რამდენად რთულ პირობებში მუშაობდა და რის გადატანა მოუწია.

„გასულ სეზონში, რაღაც განსაკუთრებულს მივაღწიეთ, მაგრამ კლუბში არსებულ პირობებზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. ფილიპ გაილომ (სერენის მაშინდელი სპორტული დირექტორი) გამაფრთხილა, მაგრამ სამწვრთნელო სფეროში დაბრუნების პერსპექტივა იმდენად მაცდური იყო, რომ უარი ვერ ვთქვი. ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლ კლუბში მუშაობა ისედაც რთულია და როცა ასეთი პირობები გაქვს, ყველაფერი ერთიორად ძნელდება. 

რანგით მე-5 დივიზიონში მოასპარეზე კლუბისთვის შესაფერისი ინფრასტრუქტურა დამხვდა. დანგრევის პირას მყოფი სტადიონი, მწვრთნელის ოფისი, სადაც გამათბობლის გარეშე ვერ იმუშავებდი, დერეფნები, სადაც დილით შეიძლებოდა, მკვდარი ვირთხა გეპოვა. ეს ყველაფერი არაა. შხაპის მიღება შეუძლებელი იყო და წვიმის შემდეგ, ვერ ვვარჯიშობდით, რადგან სტადიონი იტბორებოდა და გვიწევდა, ხელოვნურ საფარზე გვევარჯიშა. სერენის მუნიციპალიტეტი არაფრით გვეხმარებოდა. არადა, როცა კლუბი უმაღლეს დივიზიონში გყავს, მისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო, თუმცა ჩვენთან ასე არ მომხდარა.

მიხარია, ადგილი რომ შევინარჩუნეთ, მაგრამ ვიცოდი, რომ ზაფხულში დიდი ცვლილებები გატარდებოდა და ბევრ ფეხბურთელს გაუშვებდნენ. ვხვდებოდი, რომ მიქაუტაძეს, იალოუს და მაზიზს დავკარგავდი და მათი ჩანაცვლება შეუძლებელი იქნებოდა. ჯადოქარი უნდა იყო, ამ კონდიციებში და კლუბის ასეთი სატრანსფერო პოლიტიკის გათვალისწინებით, რაღაცას რომ მიაღწიო და მუშაობა განაგრძო“.

ცნობისთვის, გარსია სერენში 2022 წლის იანვარში დაინიშნა. მისმა გუნდმა მე-17 ადგილი დაიკავა და პლეიაუტში ითამაშა, რომელშიც RWDM დაამარცხა და დაქვეითებას გადაურჩა. მან გუნდში 121 დღე გაატარა და „სერენი“ მაისში დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო - შესაძლოა, ინტერთან მატჩი გამოტოვოს
ხვიჩამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო - შესაძლოა, ინტერთან მატჩი გამოტოვოს