ზურაბ ხიზანიშვილი, სტივ კინი
Aa
Aa

ოლდ ტრაფორდზე ფერგიუსონს მოუგო - სტივ კინის საინტერესო ბიოგრაფია

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელად 55 წლის შოტლანდიელი სპეციალისტი სტივ კინი დაინიშნება, რომელსაც საინტერესო ბიოგრაფია აქვს, 2010-12 წლებში პრემიერ ლიგის კლუბის, „ბლერბერნის“ მთავარი მწვრთნელი იყო.

სტივ კინის კარიერა „ბლექბერნში“

2009 წლის ზაფხულში სემ ელერდაისი „ბლექბერნის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მისი ასისტენტი სტივ კინი იყო. როცა ელერდაისმა „ბლექბერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა, ხიზანიშვილს ლა ლიგაში გადასვლა ურჩია, თუმცა ქართველმა მცველმა ინგლისის დატოვებაზე უარი თქვა.

ამპლუით ცენტრალურმა მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმა, რომელიც ამჟამად ვილი სანიოლის ასისტენტია, ყველა ტურნირის გათვალისწინებით „ბლექბერნში“ 93 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.

2010 წლის დეკემბერში ელერდაისმა გუნდი დატოვა, მთავარი მწვრთნელის მოვალეობა პრემიერ ლიგის ერთ შეხვედრაში სტივ კინმა შეასრულა, შემდეგ კი კლუბმა კინთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ პერიოდში ზურაბ ხიზანიშვილი იჯარით ჩემპიონშიფის „რედინგში“ თამაშობდა. სტივ კინის ხელმძღვანელობით ქართველ მცველს ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.

მისი პრემიერლიგური კარიერიდან გამოსარჩევია 2011 წლის 31 დეკემბერს გამართული მატჩი, როცა „ბლექბერნმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ „მან. იუნაიტედი“ დაამარცხა. კინის გუნდი იაკუბუ აიგბენის დუბლით იგებდა. მეორე ტაიმში დიმიტარ ბერბატოვმა დუბლი შეასრულა, თუმცა მე-80 წუთზე გრანტ ჰენლის გოლით კინის გუნდმა გაიმარჯვა.

პრემიერ ლიგაში სტივ კინის ხელმძღვანელობით „ბლექბერნმა“ 59 მატჩიდან 13 მოიგო, 14 ფრედ დაასრულა, 32 შეხვედრაში დამარცხდა.

2010-11 წლების სეზონის პრემიერ ლიგაში „ბლექბერნი“ 43 ქულით მე-15 ადგილზე გავიდა, 2011-12 წლების სეზონში პრემიერ ლიგიდან გავარდა. კინმა „ბლექბერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი 2012 წლის სექტემბერში დატოვა, როცა საკუთარ მოედანზე „მიდლსბროსთან“ დამარცხდა.

„ბლექბერნის“ დატოვების შემდეგ სტივ კინი სინგაპურის ჩემპიონატში 2013-17 წლებში მუშაობდა. ასევე, 2014 წელს ბრუნეის ეროვნულ ნაკრებს ერთი კვირით ხელმძღვანელობდა. 2019-20 წლებში ბერძნული ოფი-ს ტექნიკური დირექტორი იყო. 2020-21 წლებში ავსტრალიურ „მელბურნიში“ ჯერ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, შემდეგ კი მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით ასრულებდა.

„ტორპედოში“ ჩამოსვლამდე შოტლანდიური „ჰიბერნიანის“ აკადემიის მენეჯერი იყო. ასევე, „ჰიბერნიანის“ 19-წლამდე გუნდს UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე უხელმძღვანელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები