სევილია ევროპა ლიგის ფინალშია | ვესტ ჰემი კონფერენს ლიგისთვის იბრძვის
ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ფინალისტების ვინაობა გაირკვა. ევროპა ლიგაზე, „რომა“ „სევილიას“ დაუპირისპირდება, ხოლო კონფერენს ლიგის გამარჯვებულის ვინაობას „ვესტ ჰემი“ და „ფიორენტინა“ გაარკვევენ.
„რომამ“ ასპარეზობას „ლევერკუზენი“ გამოთიშა. „ჯალორისის“ პირველი შეხვედრა მინიმალური ანგარიშით (1:0) ჰქონდა მოგებული და განმეორებით მატჩში მეორე ნომრად ითამაშა. ჩაბი ალონსოს გუნდს მომენტები ჰქონდა, მაგრამ შანსები ვერ გამოიყენა და შეხვედრა 0:0 დასრულდა.
ჟოზე მოურინიოს გუნდის მეტოქე „სევილია“ გახლავთ. ანდალუსიელებმა ფინალის საგზური უაღრესად დრამატულ ბრძოლაში მოიპოვეს და „იუვენტუსს“ აჯობეს. მატჩში ანგარიში „ბიანკონერიმ“ გახსნა და დუშან ვლაჰოვიჩის გოლით 65-ე წუთზე დაწინაურდა. 71-ე წუთზე, სუსომ ბრწყინვალე დარტყმით წონასწორობა აღადგინა და მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი დრო ვიხილეთ. გადამწყვეტი ერიკ ლამელას გოლი გამოდგა, რომელმაც თავი 95-ე წუთზე გამოიჩინა და საკუთარ გუნდს ორი მატჩის ჯამში, 3:2 მოაგებინა.
„ვესტ ჰემმა“ ნახევარფინალში „ალკმაარს“ აჯობა. „ჩაქუჩებმა“ ნიდერლანდელები სტუმრადაც დაამარცხეს, პაბლო ფორნალსის მიერ 94-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 იმარჯვეს და ორი მატჩის ჯამში, 3:1 მოიგეს. „ვესტ ჰემი“ ევროტურნირის ფინალში ისტორიაში მესამედ გავიდა. ლონდონელებს ფინალში 1976 წლის შემდეგ არ უთამაშიათ.
„ჩაქუჩების“ მეტოქე „ფიორენტინა“ იქნება. „ვიოლამ“ მძიმე ბრძოლა გადაიტანა და „ბაზელს“ დამატებით დროში აჯობა. „იები“ 35-ე წუთზე დაწინაურდნენ და ნიკოლას გონსალესის გოლით წინ გაიჭრნენ. „ბაზელმა“ 55-ე წუთზე გაათანაბრა და თავი ზეკი ამდუნიმ გამოიჩინა. 72-ე წუთზე, გონსალესმა დუბლი გაიფორმა და ანგარიში 2:1 გახადა. ძირითადი დრო ამ ანგარიშით დასრულდა და დამატებითი დრო დაინიშნა. პირველი 15 წუთის დასრულების შემდეგ, მატჩი დროებით შეწყდა. „ფიორენტინას“ გულშემატკივარი ტრიბუნებზე შეუძლოთ შეიქმნა და ექიმების დახმარება დასჭირდა. შეხვედრა რამდენიმე წუთის შემდეგ განახლდა და „იების“ გადამწყვეტი გოლი ბარაკის ანგარიშზეა, რომელმაც შვეიცარიელთა კარი 129-ე წუთზე აიღო.
ამრიგად, ევროპა ლიგის ფინალი 31 მაისს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება. კონფერენს ლიგის ფინალს კი 7 ივნისს ვიხილავთ.