„ამაზე აქტიურად ვმუშაობთ“ - ჭიკაძე საქართველოში UFC-ის ღონისძიებას აანონსებს?
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ ცნობილ Youtube-არხთან, MMA Underground-თან ინტერვიუს დრო განაცხადა, რომ UFC-ის წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდნენ და ჩვენს ქვეყანაში ორგანიზაციის ღონისძიების ჩატარების ვარიანტებს სწავლობდნენ.
რა თქვა ჭიკაძემ:
არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ დიდ პროექტზე ვმუშაობთ, რომელიც გვინდა საქართველოში განვახორციელოთ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად იქნება. ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება მთავრობასა და სხვადასხვა კომპანიებზე, რომლებსაც სპონსორობა შეუძლიათ. UFC-ში ყველა დაინტერესებულია, რომ მომავალ წელს საქართველოში UFC-ის ღონისძიება ჩაატაროს.
არ მინდა ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვაქვს და დაახლოებით 2 კვირის წინ UFC-იმ საქართველოში წარმომადგენლები გაუშვა და რამდენიმე იმედისმომცემი შეხვედრაც გვქონდა. ერთი სიტყვით, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და თუ ღმერთი ინებებს, მომავალ წელს საქართველოში კარგი ამბები დატრიალდება. ეს ჩემი დიდი ხნის ოცნებაა და ამით ძალიან ბედნიერი ვიქნები.
ცნობისთვის, დღესვე, გიგა ჭიკაძემ დაადასტურა, რომ UFC-ი მისი მომავალი ბრძოლის ჩანიშვნაზე მუშაობს და პოტენციური მეტოქე ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის მე-3 ნომერი, ბრაიან ორტეგაა. შეგახსენებთ, რომ „ქართველი ნინძა“ ბოლოს ოქტაგონზე 2022 წლის იანვარში გამოჩნდა და კელვინ კატართან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.