ილია თოფურია, ჯოშ ემეტი
Aa
Aa

თოფურია ემეტზე: „ყველაფერში ვჯობივარ, რომ მომინდეს, ჭადრაკშიც მოვუგებ“

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ესპანურ საინფორმაციო სააგენტოს, EFE-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. „ელ მატადორმა“ თავის მომდევნო ბრძოლაზე ისაუბრა, რომელსაც ჯოშ ემეტის წინააღმდეგ გამართავს და განაცხადა, რომ ამერიკელს მასთან შანსი არ აქვს.

„ჩემი სტილი მეტოქეების საბრძოლო გეგმებზე ფიქრი არაა. მხოლოდ იმაზე ვარ ორიენტირებული, რასაც მათ შევთავაზებ და ემეტი ოქტაგონზე ისე დამარცხდება, როგორც ჩემი ყველა მოწინააღმდეგე, რომლებთანაც აქამდე მიჩხუბია. სად წარიმართება ჩხუბი? დგომში თუ პარტერში? გააჩნია, რას გადავწყვეტ და მოსამზადებელი კემპისას თავს სად უფრო კომფორტულად ვიგრძნობ. ემეტის დამარცხება, როგორც დგომში, ისე პარტერში შემიძლია და ყველგან მასზე უკეთესი ვარ. რომ მომინდეს, ჭადრაკშიც მოვუგებ.

როგორ ფინიშს ვისურვებდი? არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ როცა ბრძოლას პირველ რაუნდში დავასრულებ, ბედნიერი ვიქნები, რადგან ტიტულისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამ. სულერთია ჩემი მეტოქე ვინაა. ჩემთვის მთავარია, რომ ეს ბრძოლა საჩემპიონო ქამართან მიმაახლოებს. გავიმარჯვებ, ვოლკანოვსკი ტიტულს დაიცავს და დეკემბერში საჩემპიონო ბრძოლას გავმართავთ.

რა აზრის ვარ ევლოევისა და მიტჩელის ჩხუბზე? ბრაისს ვიცნობ და ვიცი, რა დონეზე იმყოფება, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, ბრძოლა დგომში წარიმართება თუ პარტერში. მე რომ მკითხოთ, გეტყვით, რომ შემიძლია, ორივე ერთ დღეს დავამარცხო“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ში მომდევნო ბრძოლას 24 ივნისს გამართავს. MMA-ში „ელ მატადორი“ დაუმარცხებელია, მისი ბალანსი 13:0-ზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლიში ყველაზე საშიშია“ - იტალიური მედია ხვიჩას თამაშს აფასებს
„ნაპოლიში ყველაზე საშიშია“ - იტალიური მედია ხვიჩას თამაშს აფასებს