„აღლუმი ავტობუსით? ჯერ არ გადაგვიწყვეტია“ - როგორ აღნიშნავს ნაპოლი სკუდეტოს
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა მისი გუნდისა და „სალერნიტანას“ მატჩის თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტები კლუბის გეგმებითაც დაინტერესდნენ და ნეაპოლელთა პრეზიდენტს საზეიმო ცერემონიაზე ჰკითხეს.
„მატჩის თარიღის შეცვლის გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილი ვარ. წარსულში, ასეთი შეხვედრები უშედეგოთ სრულდებოდა და კარგია, ამჯერად, პრევენციის ნაცვლად, მკურნალობასთან რომ გვაქვს ადგილი. ნეაპოლი არის ქალაქი, რომელსაც ზეიმი ძალიან უყვარს, მაგრამ ყველაფერი უსაფრთხოების ზომების დაცვით უნდა მოხდეს.
საზეიმო აღლუმი ავტობუსით? გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. იტალიის ლიგისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხს ველოდებით. ჩვენზე არაფერია დამოკიდებული და ჯერ არ ვიცით, რის გაკეთება შეგვიძლია. ქალაქის მერმა მითხრა, რომ კვირა და ორშაბათი საზეიმო ღონისძიებებით დატვირთული დღეები იქნება. მიმაჩნია, რომ საზეიმო ცერემონია ქუჩებში უნდა დაიწყოს და მარადონაზე დასრულდეს“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 78 ქულა აქვს და დიდი ალბათობით, სერია A-ს მომდევნო ტურში „სკუდეტოს“ ოფიციალურად გაიფორმებს. „პარტენოპეი“ უშუალო მდევარს, „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს და თუ „არწივებმა“ „ინტერთან“ ვერ მოიგეს და „ნაპოლიმ“ „სალერნიტანა“ დაამარცხა, ნეაპოლელები ნანატრ ტიტულს იზეიმებენ.