ჩავი მესის დაბრუნებაზე: „ჯერჯერობით არ ვიცით, რა მოხდება“
„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელს, ჩავის ლიონელ მესის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა კიდევ ერთხელ მოუწია. ესპანელ სპეციალისტს ყოფილ თანაგუნდელზე მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჰკითხეს და ჩავიმ განაცხადა, რომ ეს საკითხი ჯერ არ განიხილება.
„ჯერჯერობით არ ვიცით, ლეო დაბრუნდება თუ არა და ამაზე საუბარი ნაადრევია. ბეტისთან თამაშზე და ლა ლიგის მოგებაზე ვართ კონცენტრირებული. ტრანსფერებს რაც შეეხება, ვნახოთ, რა მოხდება“.
ჩავის „ბარსელონას“ ხელმძღვანელებსა და ლა ლიგის მმართველებს შორის ჩანიშნულ შეხვედრაზეც ჰკითხეს, რომელზეც მესის დაბრუნებასთან დაკავშირებულ ფინანსურ საკითხებს განიხილავენ: „ამ შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ ლეოს დაბრუნებაზე არ იქნება. ეს შეხვედრა აუცილებელია, რათა ბლაუგრანამ იცოდეს, შემადგენლობის გასაძლიერებლად რა სჭირდება“.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ 76 ქულა აქვს და „რეალს“ 11 ქულით უსწრებს. ლა ლიგის დასრულებამდე 7 ტურია დარჩენილი და ჩავის გუნდი მიზანთან ძალიან ახლოს იმყოფება. „ბეტისთან“ დაპირისპირებას რაც შეეხება, მას 29 აპრილს, თბილისის დროით, 23:00-ზე ვიხილავთ.