„ინოვატორია, ტრადიციული ტაქტიკები ქრება“ - კანავარო სპალეტიზე
Il Mattino „ნაპოლის“ ყოფილ ფეხბურთელთან, პაოლო კანავაროსთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს. ვეტერანი იტალიელი მცველი, რომელიც „პარტენოპეიში“ 1998-99 და 2006-14 წლებში თამაშობდა, ლუჩანო სპალეტიზე საუბრობს, მას ინოვატორს უწოდებს.
„ინოვატორია. ფეხბურთელებს სწორ პოზიციებზე ათამაშებს. მასთან მუშაობით დაწინაურდნენ განსხვავებული ხარისხის მქონე ფეხბურთელები: კვარა, ოსიმენი, პოლიტანო, ლობოტკა. ასევე, დი ლორენცო, ვინც ნახევარდაცვაში უფრო ხშირადაა ვიდრე დაცვაში. ეს ფეხბურთის მომავალია, რადგან ტრადიციული ტაქტიკები ქრება“.
„ნაპოლი“ „სალერნიტანასთან“ მატჩისთვის ემზადება. ლუჩანო სპალეტის გუნდს მარიო რუი კვლავ ვერ დაეხმარება, პორტუგალიელი მცველი მკურნალობს, იტალიური მედიის ცნობით მისთვის სეზონი დასრულებულია. „პარტენოპეის“ გუნდის კიდევ ერთ დანაკლისს მატეო პოლიტანო წარმოადგენს, რომელსაც გუნდურ სავარჯიშო პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, საცურაო აუზში ყოფნის შემდეგ ინდივიდუალურად ივარჯიშა.
სერია ა-ში 31 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 78 ქულით პირველ ადგილზეა, „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს. 32-ე ტურში „ნაპოლი“ „სალერნიტანას“ მიიღებს (30 აპრილი), „ლაციო“ „ინტერს“ ესტუმრება (30 აპრილი). თუ „ნაპოლი“ გაიმარჯვებს და „ლაციო“ დამარცხდება, ლუჩანო სპალეტის გუნდი ჩემპიონობას იზეიმებს.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა. საგოლე პასების რაოდენობით ხვიჩა იტალიის ჩემპიონატში საუკეთესოა.