მესის პრიორიტეტი სპორტული პროექტია | რას წერს L’Equipe-ი ლეოს გეგმებზე
ლიონელ მესის მომავალი უცხოური პრესის აქტიური სასაუბრო თემაა. რამდენიმე ესპანურმა გამოცემამ დაწერა, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი „ბარსელონაში“ დაბრუნებას აპირებს და ამ საკითხზე ახალი ინფორმაცია L’Equipe-მა გაავრცელა.
ფრანგული გამოცემის მიხედვით, „ლა პულგა“ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნებობს და სურს, ეს „პარკ დე პრენსზე“ გააკეთოს. ფრანგ ჟურნალისტს, ფლორან ტორშუს თუ დავუჯერებთ, მესის ნომერ პირველი ვარიანტი კლუბში დარჩენაა, მეორე კი „კამპ ნოუზე“ დაბრუნება.
„ბარსელონა“ და მისი მთავარი მწვრთნელი, ჩავი მესის გარშემო განვითარებულ მოვლენებს თვალს ყურადღებით ადევნებენ. მხარეებს შორის მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში, „ბლაუგრანა“ საქმეში ჩაერთვება და ლეოს თანამშრომლობას შესთავაზებს.
საინტერესოა, რომ L’Equipe-ის მიხედვით, ამ წუთისთვის, არც პსჟ-ში და არც „ბარსელონაში“ იციან, ლეო რას გადაწყვეტს. მისთვის მხოლოდ ეს ორი გუნდი იბრძვის და მესისთვის მთავარი ფაქტორი სპორტული პროექტია. ფინანსური საკითხები მისთვის მეორეხარისხოვანია და კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბების შემთხვევაში, მზადაა, „პარკ დე პრენსზე“ დარჩეს.