გიორგი მამარდაშვილი, კეპა არისაბალაგა, ანდრე ონანა
Aa
Aa

ჩელსიმ არჩევანი გააკეთა | მამარდაშვილს ინტერის მეკარე ამჯობინეს

ლონდონის „ჩელსი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება და შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „არისტოკრატებს“ მაურისიო პოჩეტინო ჩაიბარებს და არგენტინელ სპეციალისტს თავდამსხმელისა და მეკარის გაფორმება სურს.

იწერებოდა, რომ „ჩელსი“ „ვალენსიას“ ქართველი გოლკიპერით, გიორგი მამარდაშვილით ინტერესდებოდა, მაგრამ „არისტოკრატებმა“ არჩევანი სხვა ფეხბურთელზე გააკეთეს. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ლონდონელთა ნომერ პირველი სამიზნე „ინტერის“ მეკარე, ანდრე ონანაა.

იტალიური გამოცემის მიხედვით, ამ კვირაში, „ჩელსის“ წარმომადგენლები მილანში ჩავლენ და „ნერაძურის“ ხელმძღვანელებს შეხვდებიან. „შავ-ლურჯები“ ონანას გასხვისების წინააღმდეგი არ არიან და მის სანაცვლოდ დაახლოებით 40 მილიონი ევროს მიღება სურთ. „ჩელსი“ გეგმავს, „ინტერს“ გარკვეული თანხა შესთავაზოს და ტრანსფერში კეპა არისაბალაგა ჩართოს.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, დიდი ალბათობით, კლუბებს შორის შეთანხმება შედგება და როგორც ჩანს, „მამარდას“ „სტემფორდ ბრიჯზე“ ვერ ვიხილავთ. „არისტოკრატების“ გარდა, მას „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ტოტენჰემს“ უკავშირებდნენ და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

მსგავსი სიახლეები