პსჟ-ის ფრე ლორიანთან - წინ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია
ლიგა 1-ის 32-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე „ლორიანი“ მიიღო და მხოლოდ ფრეს დასჯერდა.
იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე დღეში პარიზულ გუნდს მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი ელის, ლუის ენრიკემ ძირითადი შემადგენლობის დიდი ნაწილი დაასვენა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა იმ ფეხბურთელებს მისცა, რომლებიც სათამაშო დროის ნაკლებობას უჩივიან.
ანგარიში მე-6 წუთზე იბრაჰიმ მბაიემ გახსნა, მაგრამ მალევე „ლორიანმა“ წონასწორობა აღადგინა და შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ტაიმში ენრიკეს გუნდი უორენ ზაირ-ემერის გოლით დაწინაურდა, თუმცა 78-ე წუთზე „ლორიანის“ ფორვარდმა, აიეგუნ ტოსინმა პსჟ-ს მეორე გოლი გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე და მარკინიოსი სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ, ზაირ-ემერი და ჟოაო ნევეში კი თამაშში მხოლოდ 61-ე წუთზე ჩაერთნენ.
32 მატჩის შემდეგ პსჟ 70 ქულით პირველ ადგილზეა და თუ დღეს „ლანსი“ სტუმრად „ნიცას“ მოუგებს, პარიზელებთან ჩამორჩენას 4 ქულამდე შეამცირებს.
ბაიერნისა და პსჟ-ის მატჩი 6 მაისს არის ჩანიშნული, ლიგა 1-ის მომდევნო ტურში კი ენრიკეს გუნდი 10 მაისს, „ბრესტს“ უმასპინძლებს.