სპალეტი ოსიმენზე: „მილანთან სასტარტოში იქნება, ენთუზიაზმის ტალღა მოაქვს“
იტალიის სერია ა-ს 30-ე ტურში „ნაპოლიმ“ „დიეგო მარადონაზე“ ჰელას „ვერონას“ უმასპინძლა. შეხვედრა 0:0 დასრულდა. „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას შედარებით მცირე სათამაშო დრო დაუთმო, თადარიგში დატოვა და თამაშში 64-ე წუთზე ჩართო. რაც შეეხება ტრავმის შემდეგ დაბრუნებულ ვიქტორ ოსიმენს, ნიგერიელი თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო, გოლის გატანასთან ახლოს იყო, ბურთი კარის ძელს გაარტყა.
ლუჩანო სპალეტი ვიქტორ ოსიმენზე:
„ოსიმენი ქომაგთა გმირია, მას გულშემატკივრებისთვის ყოველთვის მოაქვს ენთუზიაზმის ტალღა. ფიზიკური თვისებებიდან და სისწრაფიდან გამომდინარე ბრძოლა ნებისმიერი ბურთისთვის შეუძლია. მას შეუძლია ბურთის მოპოვება, შენარჩუნება და გოლის გატანა. ბევრი თვისება აქვს, მრავალფეროვანია. ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ მატჩს სასტარტოში დაიწყებს“.
შეგახსენებთ, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე „მილანმა“ შინ „ნაპოლი“ 1:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ვიქტორ ოსიმენს არ უთამაშია, თუმცა „დიეგო მარადონაზე“ მისი თამაში გადაწყვეტილია. საპასუხო დაპირისპირება 18 აპრილს გაიმართება.
სპალეტი ჰელას „ვერონასთან“ შეხვედრაზე:
„ჰელას „ვერონასთან“ მატჩში საკმარისი კრეატივი ვერ ვაჩვენეთ და მეტოქის ნაკლოვანებები ვერ გამოვიყენეთ. ცუდად არ გვითამაშია, ბურთს ვაკონტროლებდით, თუმცა უფრო მაღალ ტემპში უნდა გვეასპარეზა. მეტოქე დაცვიდან გვეთამაშებოდა, გოლის გატანის სხვა გზები უნდა მოგვენახა“.
„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელმა გუნდის ქომაგებზეც ისაუბრა, რომლებმაც პროტესტი შეწყვიტეს: „პრეზიდენტის დამსახურებით ქომაგები დაბრუნდნენ. გულშემატკივართა როლი უდიდესია, მათი ხმა გასვლით შეხვედრებშიც ისმის. გუნდსა და ქალაქს ერთმანეთის მიმართ დიდი სიყვარული ამოძრავებთ. სკუდეტოს მოგების შემთხვევაში ისტორიის კედლებზე სამუდამოდ დავრჩებით“.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 26 მატჩში 12 გოლი შეაგდო. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 34 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.