„არ მგონია, მათი მსოფლიოზე ყოფნა მიზანშეწონილი იყოს“ | ტრამპი ირანის ნაკრებზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, X-ის პლატფორმაზე პოსტი გამოაქვეყნა და ირანის საფეხბურთო ნაკრებზე გააკეთა კომენტარი. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ტრამპმა სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა.
„ირანის საფეხბურთო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში მისასალმებელია, მაგრამ არ მგონია, მათი აქ ყოფნა მიზანშეწონილი იყოს — მათივე სიცოცხლისა და უსაფრთხოების გამო. მადლობა ყურადღებისთვის.“
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშთან დაკავშირებით კომენტარი ირანის სპორტის მინისტრმა, აჰმად დონიამალმა, გააკეთა. მან განაცხადა, რომ ასეთ პირობებში ირანის საფეხბურთო ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის საშუალება ნამდვილად არ აქვს.
ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის ნაკრები G ჯგუფშია და მისი მეტოქეები ეგვიპტე, ახალი ზელანდია და ბელგია არიან. ირანს პირველი შეხვედრა 16 ივნისს, ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ელის. გეტყვით იმასაც, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა აშშ და ისრაელი ირანზე ერთობლივ დაბომბვებს აწარმოებენ და 28 თებერვალს აიათოლა ხამენეი მოკლეს.