იურგენ კლოპმა შესაძლოა გერმანიის ნაკრები ჩაიბაროს | Bild
Bild-ის ინფორმაციით, პრესაში გავრცელებული ცნობების მიუხედავად, Red Bull-სა და იურგენ კლოპს შორის კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა არ განიხილება.
მეტიც, მხარეებმა უკვე გამართეს არაფორმალური მოლაპარაკებები თანამშრომლობის გაგრძელებაზე, რომელიც ამჟამად 2029 წლამდეა გათვლილი.
ამ ეტაპზე კლოპის რომელიმე კლუბში, მათ შორის მადრიდის „რეალში“, მთავარ მწვრთნელად დაბრუნება გამორიცხულია, რასაც 58 წლის სპეციალისტის უახლოესი გარემოცვის წევრებიც ადასტურებენ.
სამაგიეროდ, სულ უფრო აქტიურად განიხილება სხვა სცენარი: გერმანიის საფეხბურთო კავშირში გადასვლა და 2026 წლის ზაფხულიდან, გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მუშაობის დაწყება.
როგორც მედიაში იწერება, Red Bull-ში სულ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება სავსებით შესაძლებელია.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად იურგენი Red Bull-ის ფეხბურთის მიმართულების გლობალური ხელმძღვანელის პოსტს იკავებს.
გეტყვით ასევე, კლოპი ბოლოს „ლივერპულს“ წვრთნიდა. გერმანელი „წითლებს“ სათავეში 2015 წლის 8 ოქტომბერს ჩაუდგა და კლუბს 8 ტიტული მოაგებინა.