„შესაძლოა კვარამ სათადარიგოთა სკამზე დაიწყოს“ - სპალეტის პრესკონფერენცია
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და მომდევნო შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც მის გუნდს „ვერონას“ წინააღმდეგ ელის. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენი სრულად გამოჯანმრთელდა და დასძინა, რომ არის შანსი, ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყოს.
ვიქტორ ოსიმენზე
„ვიქტორი კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება. დღეს დილით, ექიმებს შევხვდით და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ხვალინდელ შეხვედრაში განაცხადში იქნება, თუმცა, ჩვენი მიზანია, იგი მილანთან მატჩისთვის მზადყოფნაში იყოს და შესაძლოა, სათადარიგოთა სკამზე დარჩეს“.
ჩემპიონთა ლიგაზე მილანთან გამართულ მატჩზე
„ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშა და ყველა ამბობდა, რომ ვნერვიულობდით, მაგრამ მინდა, აქცენტი ჩემი გუნდის დამოკიდებულებაზე გავაკეთო. დიდ პროგრესს მივაღწიეთ და 10 კაცით დარჩენის მიუხედავად, სწორი მიდგომა გვქონდა. ამასთან, ვხედავ, რომ ფეხბურთელთა პიროვნული თვისებებიც გაუმჯობესდა“.
ვერონასთან მატჩზე
„ხვალინდელი შეხვედრა ორმაგად მნიშვნელოვანია. თუ მოვიგებთ, მხოლოდ 3 გამარჯვება დაგვჭირდება ტიტულის მოსაპოვებლად. ამ ეტაპზე, 4 მოგებაა საჭირო და ვერ ვხედავ მიზეზს, რომლის გამოც, მილანთან მატჩზე უნდა ვიყოთ გადართულნი და არა ხვალინდელ დაპირისპირებაზე. როცა ნაპოლიში მოვედი, ვერონასთან ვითამაშეთ და მაშინ გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მომენტი იდგა, ახლა კი აქ ვართ და ეს სიმბოლურია. კარგად გაწვრთნილ გუნდს ვხვდებით, რომელიც ძალისმიერი თამაშით გამოირჩევა და მთელი მატჩის განმავლობაში იბრძვის. ვერონა უაღრესად მოტივირებულია, რადგან სერია A-ში ადგილის შენარჩუნება სურს, თუმცა მოტივაციის ნაკლებობას ჩვენც არ ვუჩივით“.
გუნდის გადაღლილობაზე
„არ ვიცი, ეს პრობლემა გვაწუხებს თუ არა. ყოველთვის შეიძლება, ვიღაც გადაღლილი იყოს, მაგრამ ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს პოზიტიური შედეგი ჰქონდათ და სხვებზე მეტი მატჩი მოვიგეთ. სატიტულო ბრძოლაში ფრთხილად უნდა იყო, რადგან რამდენიმე საათში შეიძლება, ყველაფერი შეიცვალოს. შესაძლოა, კვარაცხელიამ სკამიდან დაიწყოს. არის შანსი, ხვალ სათამაშო დრო შევუმციროთ ან ასე არ გავაკეთოთ. ვნახოთ, რა მოხდება“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ვერონას“ დაპირისპირება თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.