ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

EMERGING EUROPE: „რაგბი საქართველოში ეროვნული სპორტია, კვარაცხელია კი ამას ცვლის

ცნობილი ბრიტანული ონლაინ-ჟურნალი, Emerging Europe-ი საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიასა და საქართველოში მისი როლის შესახებ წერს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ჩვენს ქვეყანში ეროვნულ სპორტის სახეობად რაგბი ითვლება, ხვიჩა კვარაცხელიას კი ამის შეცვლა შეუძლია.

რა წერს EMERGING EUROPE:

ქართული ფეხბურთი დიდი ხანია ქართული რაგბის ჩრდილში იმყოფება. სპორტის ამ სახეობის აყვავების პერიოდი გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისიდან იწყება, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის წამყვანმა გუნდმა, თბილისის „დინამომ“ ჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, შემდეგ კი ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო. ახლა კი ეს შორეულ მოგონებად რჩება. უკვე დიდი ხანია, რაც რაგბი საქართველოში ეროვნულ სპორტის სახეობად განიხილება, ამის ზურგს უკან კი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ქვეყნის მრავალწლიანი დომინირებაა. რაგბის სამყაროში, ეს რანგით მეორე დონის შეჯიბრია.

6 ერში გაწევრიანების მოთხოვნით, ქართული რაგბი უარს იძახის იმ სცენაზე, სადაც ახლა ბრწყინავს და უფრო დიდი გამოწვევა სურს, თუმცა ეს ამჟამად შეუძლებელია. მიმდინარე წლის შემოდგომაზე, რაგბის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებს უელსისა და ავსტრალიის ნაკრებებთან მოუწევთ დაპირისპირება, მაგრამ მსოფლიოს წამყვან გუნდებთან რეგულარული თამაშების გარეშე პროგრესი რთულია.

შესაბამისად, მსოფლიო რაგბის არასამართლიანი მიდგომა ქართველ ფეხბურთელებს უხსნის კარს, რომ კვლავ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს (FIFA) და მისი ევროპული ეკვივალენტს (UEFA), შესაძლოა ბევრი რამის გამო სამართლიანად აკრიტიკებენ, მაგალითად, წარსული კორუფციების გამო და მათი მთავარი ტურნირების ისეთ ქვეყნებში ორგანიზებისთვის, სადაც ადამიანთა უფლებები სათანადოდ არ არის დაცული, თუმცა საქართველოს დონის ქვეყნებს ისინი სთავაზობენ შანსს მსოფლიოს მთავარ საფეხბურთო ფორუმებზე რეგულარულად თამაშის.

ამავდროულად, უეფას ერთა ლიგა, რომელიც ერთი დონის გუნდებს აჯიბრებს ერთმანეთს, იძლევა მაღალ დივიზიონში დაწინაურებისა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს.

ერთა ლიგის ბოლო სეზონში, საქართველო ჯგუფურ ეტაპზე ბულგარეთისა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებთან მოხვდა, სადაც B დივიზიონში დაწინაურების უფლება მოიპოვა. თუ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ვერ მოხვდება, მაშინ ერთა ლიგის ქვე-ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებით ეძლევა შანსი, რომ ტურნირზე პლეი-ოფიდან გავიდეს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისგან განსხვავებით, რომლებიც უკვე ათწლეულზე მეტია მსოფლიო თასზე ასპარეზობენ, ფეხბურთელებს დიდ ტურნირებზე არასდროს მიუღიათ მონაწილეობა. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი მათ საუკეთესო შანსს სთავაზობს. შესარჩევ ჯგუფში გუნდს მეტოქეებად ესპანეთის, ნორვეგიისა და კვიპროსის ნაკრებები ეყოლება. ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი კი ევრო 2024-ის საგზურს მოიპოვებს.

იმის მიუხედავად, რომ ნორვეგიის ნაკრებს შეუძლია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელით, ერლინგ ჰოლანდის ყოლით დაიკვეხნოს, ახლა საქართველოსაც ჰყავს ამ წოდების პრეტენდენტი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთ-ერთ ყველაზე ამაღელვებელ ფეხბურთელად ითვლება.

ხვიჩა კვარაცხელია სკუდეტოსკენ მიმავალ იმპერიულ გზაზე „ნაპოლისთვის“ ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილია. ეს კი 30-წლიანი ლოდინის შემდეგ, მათთვის პირველი სკუდეტო იქნება.

მისი მამა, ბადრი კვარაცხელია ასევე ფეხბურთელი იყო, რომელიც აზერბაიჯანის ნაკრებში თამაშობდა, ხვიჩამ კი კარიერა საქართველოში დაიწყო და შემდეგ რუსეთის ჩემპიონატში, მოსკოვის „ლოკომოტივში“, შემდეგ კი ყაზანის „რუბინში“ გადავიდა.

2022 წლის გაზაფხულზე, უკრაინაში რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მან უეფას მიერ მიცემული უფლება გამოიყენა, რომელიც რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს კონტრაქტების გაწყვეტის უფლებას აძლევდა. ის საქართველოში დაბრუნდა და ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა, სადაც 20 ათასი გულშემატკივრის წინაშე 8 გოლი გაიტანა და სწრაფად მიიპყრო „ნაპოლის“ ყურადღება.

მან იტალიის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა და ორბიტაზე ავიდა. ჩემპიონთა ლიგაზე, „ლივერპულის“ წინააღმდეგ ჩატარებულმა საოცარმა თამაშმა კი ის მყისიერად აქცია ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავად.

გარდაუვალია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კვარაცხელიას მიმართ სხვა კლუბის ინტერესებზე უამრავი ჭორი იქნება. როგორც ჩანს, რამდენიმე ევროპული კლუბი მის გარემოცვას უკვე დაუკავშირდა და ყველა მზადაა, რომ მას ბევრად მეტი გადაუხადოს, ვიდრე „ნაპოლი“ უხდის. იმის მიუხედავად, რომ კვარაცხელია „ნაპოლის“ უდავო ვარსკვლავია, გუნდში ის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

კვარაცხელიას კი მომავალზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და აქტიურად მიდის ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ საუბარი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი გამოსასყიდი თანხაც გაიზრდება და სავარაუდოდ 100 მილიონ ევროს გადააჭარბებს. ეს კი „ჩელსის“ მხრიდან, მიხაილო მუდრიკის სანაცვლოდ გადახდილ თანხაზე მეტია. ჯერჯერობით მიმდინარე წელს მუდრიკი ყველაზე ძვირადღირებულ ევროპელ ფეხბურთელად ითვლება.

ამის მიუხედავად, მუდრიკი ლონდონურ კლუბში თავის პოტენციალს ვერ აჩვენებს. მისი ტრანსფერი უფრო „ჩელსის“ ამერიკელი მფლობელის აზარტულ გადაწყვეტილებას ჰგავს. სამომავლოდ, რაც არ უნდა მოხდეს, კვარაცხელიამ იანვარში უკვე აირჩია ნეაპოლში დარჩენა, მალე კი გაუმჯობესებულ გარიგებას მიიღებს. „ნაპოლიში“ დარჩენით ის უკვე გამარჯვებულია, სამომავლოდ კი გუნდები მისი ტრანსფერით გოლებისა და საგოლე პასების გარანტიას მიიღებენ.

მოედანზე ნაჩვენები ყველა შედეგის მიუხედავად, საქართველოში ფეხბურთის ეროვნულ სპორტად ქცევა, კვარაცხელიას ყველაზე დიდი მიღწევა იქნება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რომლის წინააღმდეგ თამაშის უფრო შემეშინდებოდა?“ - ძამბროტა კვარაზე და ლეაუზე
„რომლის წინააღმდეგ თამაშის უფრო შემეშინდებოდა?“ - ძამბროტა კვარაზე და ლეაუზე