„სან ანტონიომ არ უნდა გაუშვას“ - რას წერს Clutchpoints-ი მამუზე
ცნობილმა საკალათბურთო ვებგვერდმა, Clutchpoints-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და დაწერა მოთამაშეებზე, რომლებიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, თავისუფალი აგენტები გახდებიან. Clutchpoints-მა იმ კალათბურთელებზე გააკეთა აქცენტი, რომლებიც საყოველთაო ყურადღების ცენტრში ვერ მოექცევიან, მაგრამ ნებისმიერი გუნდის გაძლიერება შეუძლიათ. გამოცემამ 10 კალათბურთელი გამოარჩია და ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ ერთ-ერთი სანდრო მამუკელაშვილი გახლავთ.
„თავისუფალი აგენტების წლევანდელი ბაზრის მიმდინარეობისას, მთავარი სასაუბრო თემა კაირი ირვინგის, ჯეიმს ჰარდენისა და სხვა სუპერვარსკვლავების სამომავლო გეგმები იქნება, თუმცა არიან რადარებს მიღმა დარჩენილი კალათბურთელები, რომლებსაც ნებისმიერი გუნდის გაძლიერება შეუძლიათ. გამომდინარე აქედან, გთავაზობთ, მომავალ თავისუფალ აგენტებს, რომელთა გაფორმებაზეც ფიქრი ნამდვილად ღირს.
სანდრო მამუკელაშვილი საკალათბურთო უნარების მქონე მოთამაშეა და 206 სანტიმეტრი სიმაღლისა და 108 კგ წონის მქონე ცენტრისთვის, პასების გაკეთება შესანიშნავად გამოსდის. იგი თამაშისას გადაწყვეტილებებს ბრწყინვალედ იღებს და ქულების მოპოვება და მეტოქის დაცვის გაწელვა შეუძლია. მამუ არის კალათბურთელი, რომელიც სან ანტონიომ არ უნდა გაუშვას, სხვა გუნდებმა კი ჭკუა უნდა იხმარონ და სპურსს მისი თავი წაართვან. 23 წლის კალათბურთელს აქვს პოტენციალი, პროდუქტიული სათადარიგო ცენტრი ან სასტარტო ხუთეულის მოთამაშე იყოს“, - წერს Clutchpoints-ი.
ცნობისთვის, მამუკელაშვილმა „სან ანტონიოს“ მაისურით 18 შეხვედრა ჩაატარა და პარკეტზე საშუალოდ 22:50 წუთს ატარებდა. მისი მონაგარი 10.2 ქულა, 6.6 მოხსნა, 2.3 შედეგიანი გადაცემა, 0.6 ჩაჭრა და 0.3 დაფარებაა.