„თუ ასე გააგრძელა, კონკურენტს სასტარტოდან ამოაგდებს“ - უკრაინული მედია გოჩოლეიშვილზე
დონეცკის „შახტარის“ ქართველი ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი შესანიშნავ ფორმაშია. მარტის სანაკრებო მატჩებში თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა, შემდეგ კი „შახტარის“ ზედიზედ ორ შეხვედრაში სასტარტოში ითამაშა, „ჩერნომორეცთან“ გოლი გაიტანა და 72-ე წუთზე შეცვალეს, ხარკოვის „მეტალისტთან“ კი შეუცვლელად იასპარეზა.
გიორგი გოჩოლეიშვილი უკრანულმა Football-მა ტურის სიმბოლურში ზედიზედ მეორედ შეიყვანა:
„მეორე ტურია, რაც „შახტარი“ აქცენტს ქართველ ფეხბურთელზე აკეთებს, „მეტალისტთან“ აქტიური იყო, გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა. ერთ ეპიზოდში ბურთი კარის ძელს გაარტყა. მისი კონკურენი ეფიმ კონოპლია სასტარტოში ადგილის დაკარგვის საფრთხის წინაშეა. თუ გოჩოლეიშვილი ასეთ დონეზე თამაშს გააგრძელებს, ეფიმი სასტარტო 11-ეულში ადგილს დაკარგავს“.
გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გიორგი გოჩოლეიშვილი „საბურთალოდან“ დონეცკის „შახტარში“ გადავიდა. 22 წლის ლატერალმა მიმდინარე სეზონში „შახტარში“ 4 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.
გასულ თვეში, სანაკრებო მატჩების გამართვამდე „შახტარის“ მთავარმა მწვრთნელმა იგორ იოვიჩევიჩმა გოჩოლეიშვილზე ისაუბრა:
„გიორგი ტიპიური ლატერალია, მას ლატერალისთვის დამახასიათებელი ფიზიკური თვისებები აქვს. კარგია მისი და კონოპლიას კონკურენცია, ეს საინტერესო იქნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეული მოთამაშე თამაშისთვის მზადაა“.