მძიმე ბრძოლაში აღებული 3 ქულა - კვარას 94 წუთი და გამარჯვება ლეჩესთან
სერია A-ს 29-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „ლეჩეს“ დაუპირისპირდა და სამი ქულა მძიმე ბრძოლაში აიღო. „ჯალოროსიმ“ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ დადებითი შედეგი მაინც ვერ დააფიქსირა და 1:2 დამარცხდა.
მატჩი „ნაპოლის“ კარნახით დაიწყო და ლუჩანო სპალეტის ბიჭები სათამაშო უპირატესობას მალევე დაეუფლნენ, თუმცა, უფრო სახიფათოდ „ლეჩე“ უტევდა და მინი შანსებიც ჰქონდა. შეხვედრაში ანგარიში მე-18 წუთზე გაიხსნა. ჯოვანი დი ლორენცომ კიმ მინ ჯეს გადაცემით ისარგებლა და თავური დარტყმით „პარტენოპეი“ დააწინაურა. პირველ ტაიმში არაფერი შეცვლილა და სპალეტის გუნდი შესვენებაზე 1-ბურთიანი უპირატესობით გავიდა.
მეორე ნახევრის დაწყებიდან 7 წუთის შემდეგ, „ლეჩემ“ ანგარიში გაათანაბრა. ალექს მერეტის კარი დი ფრანჩესკომ აიღო და წონასწორობა აღადგინა. „ნაპოლიმ“ ლიდერობა 12 წუთში დაიბრუნა. ხვიჩას მიერ ქუსლით დატოვებულ პასს მარიო რუის ჩაწოდება და ანტონინო გალოს ავტოგოლი მოჰყვა. დარჩენილ დროში „ლეჩე“ ბევრს ეცადა, მაგრამ ვერაფერი შეცვალა და სერია A-ში ზედიზედ მეექვსედ წააგო.
ხვიჩამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 94-ე წუთზე შეცვალეს. ქართველი ფეხბურთელის ასპარეზობა Sofascore-მა 7.0 ქულით შეაფასა. „კვარას“ 3 წარმატებული დრიბლინგი, 31 ზუსტი პასი (81.6 პროცენტი) და 2 საკვანძო გადაცემა ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 74 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს.