სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„ფენომენალური მეპასეა“ - ამერიკული გამოცემა მამუკელაშვილს აქებს

ამერიკულმა გამოცემამ, Airalamo-მ, რომელიც „სან ანტონიო სპურსზე“ წერს, სანდრო მამუკელაშვილს სტატია მიუძღვნა და ქართველი კალათბურთელი დაახასიათა. სტატიის ავტორი ნოა მაგარო-ჯორჯი გახლავთ და მან „მამუს“ მოედნის ხედვა გამოარჩია.

„სან ანტონიო სპურსმა სანდრო მამუკელაშვილი მარტში, მას შემდეგ გაიფორმა, რაც მილუოკი ბაქსმა მისი გაშვება გადაწყვიტა. მამუს ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატის რიგებში სათამაშო დრო არ ეძლეოდა, გუნდის შენების პროცესში მყოფ სან ანტონიოში კი საშუალება მიეცა, თავისი უნიკალური უნარები წარმოეჩინა და გაეკეთებინა ის, რაც NBA-ში გატარებული საწყისი 1.5 წლის განმავლობაში ვერ შეძლო.

მამუკელაშვილი სან ანტონიოს სათადარიგო ხუთეულის საკვანძო მოთამაშეა და კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, გამართულ ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სპურსში მამუს საშუალება მისცეს, შეტევები წარმართოს და ფლეიმეიქერის უნარები წარმოაჩინოს. სანდროს შეუძლია, თავისი სიმაღლე გამოიყენოს, რათა მაღალი პასები გააკეთოს, რომლებსაც მეტოქე გუნდის დაცვის ხაზი ვერ შესწვდება. იგი ორივე ხელით კარგად თამაშობს და ეს პარკეტის ნებისმიერი წერტილიდან სახიფათოს ხდის. მამუკელაშვილი თვალების მოძრაობით მეტოქეების მანიპულაციას ახდენს, ცრუმოძრაობებით თავისუფალ სივრცეს აჩენს და როგორც ბურთის მატარებლის, ისე ბლოკების დამყენებლისა და თანაგუნდელების ხელსაყრელ პოზიციებში დამტოვებლის როლშიც თავს კომფორტულად გრძნობს.

მამუკელაშვილი აკეთებს იმას, რაზეც მაღალი კალათბურთელების უმრავლესობას მხოლოდ ოცნება შეუძლია. იგი ბურთს კარგად ხსნის, დაცვიდან შეტევაში გადასვლისას ან შეტევიდან დაცვაში გადასვლისას თანაგუნდელებთან კონტაქტი აქვს, სწრაფი იერიშებისას უზუსტესი პასებით გამოირჩევა, ფართან ზურგით მყოფს შეუძლია, მსროლელები იპოვოს და სამწამიანში შესვლის მცდელობებისას კარგი გადაცემების გაკეთების უნარი აქვს.

ახალ საკალათბურთო სისტემაში და უცნობი კალათბურთელების გვერდით აღმოჩენის მიუხედავად, იგი სან ანტონიოს სქემაში უპრობლემოდ ჩაჯდა და სათადარიგოთა სკამიდან, ფასილიტატორის როლი აქვს. გრეგ პოპოვიჩი მას ენდობა და მართალია, მამუ იდეალური კალათბურთელი არაა, მაგრამ ლეგენდარული მწვრთნელისგან საქებარი სიტყვები მაინც დაიმსახურა.

23 წლის ქართველი პერიმეტრიდან მთლად საიმედო არაა და დაცვაში მაღალ დონეზე ვერ თამაშობს, თუმცა მეტოქის ფარზე ბოლომდე იბრძვის, მზადაა, ბურთის მოსაპოვებლად ყველაფერი გააკეთოს და აქვს ხელშეუხებელი პოტენციალი, რომელიც შესაძლოა, სპურსმა სათავისოდ გამოიყენოს. სეზონის დასრულების შემდეგ, სან ანტონიოს რამდენიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწევს და მამუკელაშვილის მომავალი ერთ-ერთი მათგანი იქნება“, - წერს უცხოური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი „სან ანტონიოს“ მაისურით საშუალოდ 10.2 ქულას, 6.6 მოხსნასა და 2.3 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ევროპას აჯადოებს“ - GOAL-ი მამარდაშვილზე წერს
„კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ევროპას აჯადოებს“ - GOAL-ი მამარდაშვილზე წერს