FIBA: საქართველოს საკულტო ტრიო ახალი ისტორიის დასაწერად ემზადება
FIBA-ს ოფიციალური ვებ-გვერდი, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების შესახებ წერს და ილიას ზუროსის გუნდის განვლილ გზას განიხილავს.
რა წერია სტატიაში:
როგორ მიაღწიეს კვალიფიკაციას
საქართველომ ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპი იმ იმედით დაიწყო, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად მოხვდებოდნენ. ეს კი ბერძენი მწვრთნელისთვის, რომელიც გუნდს 2016 წლიდან ხელმძღვანელობს, მეორე მცდელობა იყო. ჯვაროსნების წარმატებაში კოლოსალური როლი დიდმა სამეულმა ითამაშა - თად მაკფადენმა, გიორგი შერმადინმა და თოკო შენგელიამ. საქართველოსთვის, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გადამწყვეტ მატჩში მარცხის მიუხედავად, წარმატებას მაინც მიაღწია.
საქართველოს კამპანია 2021 წლის ნოემბერში, G ჯგუფში უკრაინასთან 88:83 გამარჯვებით დაიწყო, როდესაც მაკფადენმა, შერმადინმა და შენგელიამ ერთად 66 ქულა დააგროვეს, ფანჯარა კი ესპანეთთან 89:61 წაგებით დასრულდა. 2022 წლის თებერვალში მაკფადენი ჩრდ. მაკედონიასთან ორ გამარჯვებაში დომინირებდა. მან საერთო ჯამში 50 ქულა აიღო.
ზაფხული ლატვიაში უკრაინასთან 79:66 მარცხით დაიწყო, იმის მიუხედავად, რომ მაკფადენმა 22 ქულა ჩააგდო, შენგელიამ კი 21. მაგრამ 2022 წლის ივლისში საქართველომ ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება მოიპოვა, როდესაც 8500 გულშემატკივრის თვალწინ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები ოვერტაიმში, 82:76 დაამარცხა. მატჩი ლიდერი 22-ჯერ შეიცვალა და დიდ სამეულს, რომელმაც 46 ქულა და 16 საგოლე გადაცემა მოაგროვა, ამჯერად რატი ანდრონიკაშვილიც შეემატა, რომელმაც მატჩი 17 ქულით დაასრულა.
მეორე შესარჩევი ეტაპის სტარტზე, 2022 წლის აგვისტოში ნიდერლანდებთან საშინაო მატჩში საქართველო მეტოქეს 16 ქულით ჩამორჩა, მაგრამ მაკფადენმა, შერმადინმა და შენგელიამ ერთად 53 ქულა დააგროვა, რომელსაც სანდრო მამუკელაშვილმა 10 ქულა და 10 მოხსნა დაამატა, რის შედეგადაც საქართველომ შეხვედრა 77:66 მოიგო. ილიას ზუროსის გუნდმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მაინც ვერ მოიპოვა და იტალიასთან 91:84 დამარცხდა, იმის მიუხედავად, რომ გოგა ბითაძემ 19 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა, გიორგი ცინცაძემ კი 11 ასისტი.
Eurobasket 2022-ის ცენტრალურ ეტაპზე, ტურნირის თანამასპინძელმა საქართველომ 5-დან მხოლოდ 1 შეხვედრის მოგება შეძლო - თურქეთთან, ორ ოვერტაიმიან თამაშში. 2022 წლის ნოემბრის პირველმა მატჩმა საფუძველი ჩაუყარა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლას, როდესაც ისლანდია 88:85 დაამარცხა და იქ შენგელიამ 27 ქულა ჩააგდო და 11-ჯერ მოხსნა ბურთი ფარიდან. ნოემბრის მეორე თამაშში საქართველოს ნაადრევი ზეიმი იტალიამ წაართვა, როდესაც მინიმალური სხვაობით, 85:84 მოუგო.
საბოლოოდ ყველაფერი 2023 წლის თებერვალში გადაწყდა. თვის პირველ მატჩში დიდმა სამეულმა ნიდერლანდების წინააღმდეგ 67 ქულა აიღო, რითაც საქართველომ 88:80 მოიგო. ეს იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს ფინალურ ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ ერთი მატჩიღა რჩებოდა. თბილისი არენაზე გადამწყვეტ შეხვედრას 10 000 გულშემატკივარი დაესწრო, თუმცა ზუროსის გუნდი სამი ქულის სხვაობით დამარცხდა. ამის მიუხედავად, საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მაინც მოიპოვა, არენაზე შეკრებილმა გულშემატკივარმა კი საკულტო ტრიოს 60 ქულა იხილა, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად საკმარისი აღმოჩნდა.
მოთამაშეები, რომლებსაც უნდა დავაკვირდეთ
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური ტრიო ჰყავდეს, იმის გათვალისწინებით, რომ თად მაკფადენმა, გიორგი შერმადინმა და თოკო შენგელიამ ევროპის შესარჩევში საქართველოსთვის მოპოვებული ქულების 59,9% დააგროვეს. ეს სამი კალათბურთელი უდავოდ დიდ როლს შეასრულებს საქართველოს ნებისმიერ შანსში ფილიპინებში, იაპონიასა, თუ ინდონეზიაში.

მაგრამ მწვრთნელ ზუროსს დაემატება კიდევ ორი იარაღი, რომელიც შესარჩევის მხოლოდ ორ მატჩში ჰქონდა, ესენი არიან NBA-ს მოთამაშეები სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე, რომლებმაც 2022 წლის აგვისტოს ფანჯარაში 45 ქულა, 33 მოხსნა, 4 პასი და 5 ჩაჭრა დააგროვეს.

სხვა ფეხბურთელები, რომლებმაც ასევე აჩვენეს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ გუნდის დახმარება, არიან გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, დუდა სანაძე და კახაბერ ჯინჭარაძე. მათ შორის, ვინ სავარაუდოდ შემადგენლობაში მოხვდებიან, არიან ბექა ბექაური, მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი და ბექა ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 29 აპრილს გაიმართება, სადაც ტურნირზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვევა. ცნობისთვის, ილიას ზუროსის გუნდი მსოფლიო რეიტინგში 32-ე პოზიციას იკავებს.